ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ, ამჯერად ე.წ. კორტების საქმეზე კანონდარღვევას დაადგენს და შეცვლის ქართული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
უფლებადამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს სახალხო დამცველის მკაცრი რეკომენდაციები გაითვალისწინოს და რეაგირება მოახდინონ.
ველიჯანაშვილის თქმით, სასამართლოში დაკითხვამდე სპეცრაზმელებს ჩვენებების შეთანხმების საშუალება ჰქონდათ. საბოლოოდ კი და მათ მიერ მიცემული ჩვენებები ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მთავარი საფუძველი გახდა.
"სახალხო დამცველის ანგარიში არის სრულიად ობიექტური, ძალიან მკაცრი და მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ამ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინოს. ომბუდსმენი პირდაპირ მიუთითებს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებზე, რაზეც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს, სხვადასხვა გახმაურებული საქმის შესახებ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. სპეცრაზმელები, რომლებიც უშუალოდ მოწმეები არიან, ისინი ჩვენების მიცემამდე ერთ საანში ისხდნენ. სტრასბურგის სასამართლო და ამ შემთხვევაში ომბუდსმენიც ამბობს, რომ ეს არის კანონდარღვევა და დაუშვებელი. ეს ხალხი (მსჯავრდებულები) უკვე ასაჩივრებს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სტრასბურგში და კიდევ ერთი გადაწყვეტილება გვექნება საქართველოს წინააღმდეგ. სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იღონოს რომ ეს დარღვევა აღმოიფხვრას, დაიწყონ გამოძიება, ახალი განხილვა დაიწყონ და სხვა”- განაცხადა „ნიუპოსტს“ ველიჯანაშვილმა.
2017 წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უზენაესმა სასამართლომ კი მსჯავრდებულ ადვოკატების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მასალის გამოყენების პირობები






