ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მოწმეზე ხორციელდება ზეწოლა და ბრალდების მხარე ცდილობს ჩვენებების შეცვლით მისი ნათქვამი მიუსადაგოს ბრალის დადგენილებას.
„პირველ დღეს მან მისცა დაცვის მხარის სასარგებლო ჩვენება, შემდეგ დღეს მისცა დაცვის მხარის საწინააღმდეგო ჩვენება, აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მოწმის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია მის მიმართ ზეწოლით, ზემოქმედებით, რომელსაც ახორციელებს ბრალდების მხარე,“ - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
მოწმეზე ზეწოლაზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი ინგა შარაშენიძე. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმეში გაცილებით მეტი დამნაშავეა, ვიდრე დაკავებულია.
„მომხდარია ზეწოლა, რათა ძალიან ბევრი პირი იხსნან, მკვლელობის ჩამდენები გადაარჩინონ. ამ მკვლელობაში ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა, რომლებიც არ არიან დასჯილები და მათზე არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






