სისხლიან გარჩევაში ასევე, ფიგურირებს სუბელიანის არასრულწლოვანი ნათესავი, თუმცა ორივე მათგანს მოწმის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა „ნიუპოსტთან“ ღიად ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმე მირზა სუბელიანის მიერ შეიკერა და მისი უშუალო მითითებით ცვლიან სასამართლო პროცესზე მოწმეები ჩვენებებს.
მეტიც, კუპრავას თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი შოთაძის უწყებას აშანტაჟებს. უფრო კონკრეტულად, ყოფილი პოლიციელის ინფორმაციით, მირზა სუბელიანს, პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, ხელში ჩაუვარდა 2014 წლის 14 დეკემბერს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები და სწორედ აღნიშნული მტკიცებულებით მანიპულირებს სუბელიანი მთავარ პროკურატურაზე.
„მირზა სუბელიანს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები აქვს. 2014 წელს, როცა ეს ფაქტი, მოხდა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინსიტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო და უშუალოდ კურირებდა კადრებს. დღეს კი, როცა მოზარდების მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის ოჯახის წევრები ფიგურირებენ (კონკრეტული გვარების დასახელება და ბრალდებების გაჟღერება არ მინდა), ის აშანტაჟებს პროკურატურას, რომ თუ შეეხება მის ახლო ნათესავებს, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრებს გაასაჯაროებს, შესაბამისად, შოთაძის უწყება ექცევა სწორედ ამ ზეწოლის ქვეშ, რადგან ამ ფირების გამოაშკარავება მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, ამიტომ ბრალდების მხარე იძულებულია, სტატუს-ქვო შეინარჩუნოს, ანუ მხოლოდ 2 ბრალდებული საქმეში, თუმცა დაცვის მხარე, დაზარალებული და საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ საქმეში არის იმაზე მეტი ბრალდებული, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს,“ - აღნიშნა "ნიუპოსტთან" ზვიად კუპრავა.
მისივე თქმით, თავის დროზე მირზა სუბელანთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ ფირი მისთვის გადაეცა.
„მისი უახლოესი პირის მეშვეობით მქონდა კომუნიკაცია მირზა სუბელიანთან, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის ცნობილი პრია, ამიტომ თავს შევიკავებ დასახელებისგან, თუმცა ვადასტურებ, რომ არაერთხელ მქონდა მისი მეშვეობით კომუნიკაცია და ვითხოვდი სუბელიანს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ვიდეომტკიცებულება ჩემთცვის გადმოეცა, თუმცა ბოლოს, ეს მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“- თქვა „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა.
ყოფილი სამართალდამცავი მზად არის, გამოძიებას უფრო მეტი დეტალი მიაწოდოს.
"პროკურატურამ, პირველ რიგში, გამოძიება უნდა დაიწყოს, დაიბაროს მირზა სუბელიანი და დაკითხოს. როგორც ვიცი, ჩემი განცხადების შემდეგ, ადვოკატებიც აპირებენ სასამართლოზე ეს შუამდგომლობა დააყენოს"- ამბობს კუპრავა.
გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ექმიმებმა ვერც დავით სარალიძის გადარჩენა შეძლეს, ის მომხდარიდან მეორე დღეს დაიღუპა.
ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოკლული დავით სარალიძის მამა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან, რომელსაც მაღალჩინოსნები მფარველობენ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 22 იანვარს დაიწყო. განაჩენი კი რამენიმე თვეში, ივნისამდე უნდა გამოცხადდეს.
მასალის გამოყენების პირობები






