შოთაძის უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის მამასა და ბებიას ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ.
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი საგამოძიებო ორგანოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მაჩალიკაშვილის ადვოკატებმა უწყებაში სპეციალური განცხადება შეიტანეს, სადაც უფლებადამცველები სპეცოპერაციის დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან 19 წლის ბიჭის ოჯახის წევრების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სპეცოპერაციისას ოჯახი მოატყუეს, რომ მისი შვილი მხოლოდ მხარში იყო დაჭრილი.
მაჩალიკაშვილების თქმით, მათ იმედი არ აქვთ რომ საგამოძიებო უწყება სუს-ის წარმომადგენელთა შესაძლო გადაცდომის შესახებ გამოძიებას დაიწყებს.
"ყველაფერში მატყუებდნენ, თავისუფლებააღკვეთილები ვიყავით. ჩვენს არცერთ მოთხოვნას არ ასრულებდნენ. მოგვატყუეს, რომ თემირლანი მხარში იყო დაჭრილი, გვეუბნებოდნე, რომ დაკითხვაზე იყო გადაყვანილი. აგრესიულად და ცუდად გვექცეოდნენ. სანამ სუს-ის ხელმძღვანელობა სათავეში იქნება არამგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება"- თქვა მაჩალიკაშვილის მამამ.
საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა მაჩალკაშვილების ადვოკატი. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დასკვნა ორაზროვანია.
"იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზა დასრულდა და დასკვნას დღეს გავეცანით. ექსპერტიზა როგორც იარაღს, ისე იმ ნაწილს ჩაუტარდა, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, სროლის შემდეგ დაზიანდა. ამ ნაწილით იარაღმა რამდენჯერმე გაისროლა და მხოლოდ ერთხელ გაჭედა. დასკვნა არის ორაზროვანი. ნაწილის დაზიანება გამოიწვია დგუშის წინა ნაწილში რგოლების არ არსებობამ. ეს ძალიან საეჭვოა, ვინაიდან დაზიანება იმდენად აშკარაა, რომ გაუგებარია, რატომ გაიგზავნა ის ასეთ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ "პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება იმ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ".
"მალხაზ მაჩალიკაშვილს მოუწია საშინელი შეურაცხყოფების ატანა. პროკურორატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, სისხლის საამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით და უნდა დაისაჯონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ის თანამშრომლები, ვინ მალხაზ მაჩალიკაშვილს და მისი ოჯახის წევრებს ასე მოეპყრნენ", - დასძინა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






