მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ბრალდებას პროცესზე არასრულწლოვანი თვითმხილველი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. ადვოკატები მოწმეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს, აღნიშნულს უარყოფს პროკურორი.
პროკურორი ზვიად ფხაკაძე იმ ჩანაწერზეც საუბრობს, რომელზეც „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მოწმეების უტყუარი მოსყიდვის ფაქტს ასახავს.
„ზვიად კუპრავა გამოიკითხა გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ის კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით გამოკითხა გამომძიებელმა. გამოკითხვისას აღნიშნა, რომ საუბრის ჩაწერა განხორციელდა მის კუთვნილი მობილური ტელეფონით, თუმცაღა გამოძიების მხრიდან არაერთი მცდელობისა, რომ ხსენებული მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი ჩანაწერი ბატონ კუპრავას წარმოედგინა გამოძიებისთვის, უშედეგოდ დასრულდა. ვინაიდან ბატონი კუპრავა აცხადებს, რომ ტელეფონი, რომელზეც ჩაიწერა ხსენებული ჩანაწერი დაზიანდა, ასევე დაზიანებული ტელეფონი გადასცა მის ოჯახის წევრს, მცირეწლოვანს და ამის შემდეგ აღარ იცის აღნიშნული ტელეფონის სად არის.
გამოძიებისგან ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ მოპოვებულიყო ხსენებული ჩანაწერი, როგორც ხელნაწერი ასევე აუდიო მასალა, თუმცა ბატონი კუპრავასგან მხრიდან ისეთი პასუხის გაცემა, რომ არ იცის, სად არის ტელეფონი და არ იცის სად არის ჩანაწერები, რაზედაც ის საუბრობს, რომ ეს ჩანაწერები არის მნიშვნელოვანი. გაურკვეველია რატომ არ წარმოადგინა ეს ჩანაწერები გამოძიების იმ სტადიაზე, როდესაც ის გამოიკითხა“- აცხადებს პროკურორი ზვიად ფხაკაძე.
ადვოკატების განცხადებით კი საქმეში გაცილებით მეტი პირია ჩართული, ვიდრე გამოძიებამ დაადგინა:
„მე მესმის, რა თქმა უნდა, პროკურორის, რომ სურს აჩვენოს , რომ საქმე არის სრულყოფილად გამოძიებული. რა თქმა უნდა , პროკურორი, არასოდეს აღიარებს, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული. თუმცა ფაქტი არის ძალიან განსხვავებული იმისგან , რასაც პროკურორი ამბობს. რა თქმა უნდა, დაზარალებულის უფლებამონაცვლემაც და აბსოლუტურად ყველა პირმა ვინც კი ესწრება სასამართლო სხდომას დაინახა, რომ მოწმეების ჩვენებები არია არადამაჯერებელი.
ჩვენ გვაქვს დანიშნული უამრავი ექსპერტიზა, და ჩვენს გვაქვს ექსპერტებისთვის უმნიშვნელოვანესი კითხვა დასმული თუ რამდენი სხვადასხვა დანა იქნა გამოყენებული კონკრეტული ინციდენტის დროს. თუ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, საქმეზე ვერ იქნება დადგენილი უტყუარი ჭეშმარიტება. კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, ბრალდების მხარის არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ აჩვენებს თუ რამდენი სხვადასხვა დანა იქნა გამოყენებული. კონკრეტული პიროვნების სხეულზე დაჭრის დროს.
სწორედ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულება, ჩვენს მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც მოვიპოვებთ და წარვადგენთ არსებითი განხილვის დროს ამ კითხვებს კატეგორიულ პასუხებს გასცემს,“-აცხადება ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






