საია 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 11:56, 19 Mar, 2018     2150
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი სხდომა იმართება. 2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.

აღნიშნულ საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაზარალებული მხარის ინტერესებს გამოძიების ეტაპიდან იცავს. როგორც საია-ში აღნიშნავენ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, მოკლედ შევაჯამონ ის სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში იკვეთება.

"პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში განვითარებული მსჯელობა გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ქმნის საშიშ პრეცედენტს და ფაქტობრივად თვითიმედოვნებით ჩადენილ დანაშაულს დაუსჯელს ტოვებს. სასამართლო მსჯელობა არ არის დამაჯერებელი და რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოა.

პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენი ძირითადად დაეფუძნა შემდეგ არგუმენტებს:

არ არსებობს სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის დადგენილი წესები, მათ შორის სიჩქარის ლიმიტი, რომლითაც უნდა სრიალებდეს პირი;

თხილამურებით სრიალი ექსტრემალური სპორტია და თავისთავში მოიცავს ტრავმის მაღალ რისკს;

არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ფეხი წამოკრა ქვას ან გზად შეექმნა სხვა რაიმე წინაღობა, რომელმაც გამოიწვია თხილამურის მიმართულების შეცვლა და შესაძლოა შეჯახება;

არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ თავად გარდაცვლილი გოგონას სრიალის მანერა და ტრაექტორია გახდა შედეგის გამოწვევის საფუძველი.

ის ფაქტი, რომ არ არსებობს თხილამურებით სრიალთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები, არ ათავისუფლებს პირს ვალდებულებისგან, გამოიჩინოს წინდახედულობა და გადაადგილდეს თავისთვის და სხვისთვის უსაფრთხოდ. წესები, რომელთა დარღვევაც საფუძვლად ედება გაუფრთხილებელ დანაშაულს, შეიძლება იყოს როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი, რომლებიც გამომდინარეობს ზოგადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და მათი დაცვა, ევალება თითოეულ ადამიანს.

მოსამართლის მსჯელობა, თხილამურებით სრიალის ექსტრემალურ სპორტად მიჩნევასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ ეყრდნობა რაიმე სტანდარტსა თუ გამოცდილებას. გაკვალულ და სპეციალურად დამუშავებულ ტრასაზე, თხილამურებით სრიალი არ წარმოადგენს ექსტრემალურ სპორტს და არ შეიცავს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკებს.

ეჭვები, რომლებიც ფაქტობრივად გამამართლებელ განაჩენს დაედო საფუძვლად, არ ემყარება რაიმე გონივრულ საფუძველსა თუ მტკიცებულებას, არამედ არის მხოლდ მოსამართლის მოსაზრებები და ვარაუდები მოვლენათა შესაძლო სხვაგვარი განვითარების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას, რაც გულისხმობს იმას, რომ უარყოფილ იყოს არა ბუნებაში არსებული ყველა სახის ეჭვი, არამედ კონკრეტული საფუძვლითა და მტკიცებულებით გამყარებული ეჭვი. მოსამართლე ჰიპოთეტურად მსჯელობს ბრალდებულისთვის შექმნილი წინაღობის შესახებ, რომელსაც შეეძლო თხილამურების ტრაექტორიის შეცვლა და შეჯახების გამოწვევა. ასეთი ეჭვი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თეორიულ მსჯელობას, რაც არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

მოსამართლე ასევე ეჭვებს გამოთქვამს თავად სალომე ტატიშვილის მოძრაობის ტრაექტორიაზე, როგორც შეჯახების მაპროვოცირებელი ფაქტორზე. არაერთი მოწმე განმარტავს, რომ სალომე წესების სრული დაცვით, საშუალო სიჩქარითა და დიდი მოხვევებით გადაადგილდებოდა ტრასაზე, მაშინ როცა ბრალდებული, ნასვამ მდგომარეობაში, პირდაპირი დაშვებით და დიდი სიჩქარით სრიალებდა. იმ ვითარებაში, როდესაც არაერთი მოწმის მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს სალომეს სრიალის სტილი და მანერა, ასევე მისი ცოდნა და მომზადების დონე, გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი.

იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით წამოჭრილ კითხვის ნიშნებს სააპელაციო სასამართლო სათანადოდ გასცემს პასუხს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და საქმეს ერთი მოსამართლის ნაცვლად სამი მოსამართლე განიხილავს. აღნიშნული მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს დაზარალებულმაც მიმართა" - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42