შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობა გახსნილია და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ვ.წ, რომელმაც შურისძიების მოტივით ხატოევს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ გ.რ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






