მუსიკოსის მონაყოლის თანახმად, გუშინ სამართალდამცველები მას ნარკოტიკის ჩადებითაც დაემუქრნენ.
“მანქანასთან მისვლაც არ მაცადეს, ტელეფონი წამართვეს, შეურაცხყოფა მომაყენეს, ძალით ჩამსვეს მანქანაში, სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდნენ და ვითხოვდი, ჰაერი მინდა-მეთქი. ქუდი დამივარდა, რაზეც თქვეს, რომ ქუდი ადგილზე არ უნდა დარჩენილიყო და დაახლოებით, 2 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მანქანაში ჩასმას. ამ დროს უკვე გავუწიე წინააღმდეგობა და ხმამაღლა ვითხოვდი შველას. შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ვყვიროდი, რომ ჩემებისთვის ხმა მიმწევდინა. რამდენიმე მეტრში გადამიყვანეს ჩემი სახლიდან, სადაც მოვიდა “შკოდის” ფირმის მანქანა, რომლის თანდასწრებითაც უკვე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს.
ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მომენტშიც მოხდა და მათ შორის, მანქანაში... გაჩერებულები ვიყავით, სადაც თეთრი ფერის შკოდის მანქანა მოვიდა, ჩავთვალე, რომ მათზე უფრო ზემდგომი პიროვნება მოვიდა ამ დროს, რომელიც ჩაჯდა ასევე, ჩვენს მანქანაში, სადაც მეც ვიმყოფებოდი უკვე ბორკილებდადებული. ამ კაცის მოსვლის დროს, უშუალოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აგრძელებდნენ,“ - განაცხადა ლაშა კაციამ
ლაშა კაციას თქმით, სამართალდამცავები მას პოლიციის შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. მეტიც მუსიკოსიამტკიცებს, რომ მოძალადე პოლიციელები მას ამ ფაქტის სასამართლოზე აღიარებას აიძულებდნენ.
„თუ არ გავაკეთებდი ამას, მაინც რაღაცას მოგიძებნითო, ან ნარკოტიკს ჩაგიდებთ ან რამეს მოვიფიქრებთო, რომ შენ დაგსაჯოთ იმისთვის, რომ შენ პოლიცია არ გიყვარს,“ - აცხადებს დიჯეი ლაშა კაცია.
როგორც „ნიუპოსტს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გენერალურმა ინსპექციამ, კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.
დღეს კი ლაშა კაციას სახლში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ და სავარაუდოდ, პირველად სახლში გამოკითხავენ.
“მოქალაქე ლაშა კაციას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. კაციას პირველადი გამოკითხვა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დღეს დილით მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოკვლევის ფარგლებში ის ასევე დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. პარალელურად მთავარმა პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
კაცია თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზეა დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები






