"ბადაგონის" ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აღნისნულ პროცესს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.
"ეს არის პოლიტიკური მოტივი და ზეწოლა კომპანიაზე. ეს არის წარმატებული კომპანია და უნდათ მისი გაჩერება. ჩვენი ინფორმაციით, ამ ყველაფრის უკან ბეჟუაშვილი დგას" - აღნიშნა ხატიაშვილმა.
როგორც კომპანიის პრესამსახური ლიზა ბაგრატიონი აცხადებს, რომ "ბადაგონში" სამუშაო პროცესი ამ წუთებში შეჩერებულია.
"როდესაც რაღაცას არ იმსახურებ და რაღაც პროცესი კეთდება ეს ჩვეულებრივი ადამიანური პროცესია, რომელიც ასე მარტივად ადამიანებს ვერ გადააქვთ. ახლა კომპანიის სამუშაო პროცესი შეჩერებულია. ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც მუდმივად სულ გადაზიდვა და ექსპორტი აქვს ეს პროცესი ძალიან ცუდია" - აცხადებს ლიზა ბაგრატიონი.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადაც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამუშაოები კომპანიის მუშაობას ხელს არ უშლის.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მინდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას" - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






