თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამების საქმის განხილვა დასრულდა და განაჩენი გამოცხადდა.
სასჯელარსრულების ნომერ 8-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
განაჩენის მიხედვით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ყოფილ უფროსს ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, რადგან ის უკვე არის მსჯავრდებული, პატიმარ სერგო თეთრაძის საქმეზე საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წამების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი მალხაზ ღვინიაშვილი, რომელსაც 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
რაც შეეხება ბრალის მეორე ნაწილს, არაადამიანურ მოპყრობას, ამ ნაწილში ბრალდებული იყო გლდანის მერვე დაწესებულების 5 ყოფილი თანამშრომელი, სასამართლომ მათ მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






