ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წევრები სახალხო დამცველს მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ.
„ჩემს ძმასთან ღამის პირველ საათზე სახაზინო ადვოკატი იყო შესული, გამოიტანა ცრუ განცხადება, რაც ჩემს ძმას მასთან არ ულაპარაკია. მოვედით, რომ დახმარება ვთხოვოთ სახალხო დამცველს,“ - განაცხადა ბერძენიშვილის დამ, ტატიანა ბერძენიშვილმა.
ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წვერებისთვის უცნობია, ვინ არის კონკრეტულად სახაზინო ადვოკატი.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს ადვოკატი, ან ვინ შეუშვა ჩემს მეუღლესთან. ოჯახს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ჩვენ გვყავდა ჩვენი ადვოკატები. განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს ის, რომ უცნობი ადვოკატი მასთან გვიან ღამით შევიდა. მას ჩემი ქმარი არც კი დაელაპარაკა. მიუხედავად ამისა, იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და ტყუილები ისაუბრა,“ - განაცხადა ბერძენიშვილის მეუღლემ, ვიქტორია ბერძენიშვილმა.
თავად ელდარ გვალიამ დადასტურა, რომ ის ანატოლი ბერძენიშვილთან საპატიმროში იმყოფებოდა. ადვოკატი უარყო ინფორმაცია, რომ მასთან ანატოლი ბერძენიშვილმა საუბარი არ ისურვა.
„არსებობს იურიდიული დახმარების სამსახური, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა დამავალა. ვინაიდან არსებობდა სავალდებულო დაცვის მომენტი, ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სასჯელის სახით და ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადვოკატი ჰყავდეს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ელდარ გვალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






