პროცესის დაწყებამდე, ბექა წიქარიშვილმა თქვა, რომ „ბახალასთვის“ 8 წლიანი პატიმრობის შეფარდება სასამართლოს სირცხვილია.
„ჩემი გუშინდელი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული, აღელვებით და იმ გადაწყვეტილებით, რომელიც „ბახალას“, გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სასამართლომ გამოიტანა, ანუ უსამართლო გადაწყვეტილებით. მე არ მქონია განცდა, რომ სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. „ბახალას“ განაჩენი არის სასამართლოს კიდევ ერთი სირცხვილი. შორენა გუნცაძეს შეუძლია, ჩაეწეროს ბადრი შონიას რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა სასამართლოს ორი სამარცხვინო სახე,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი გუშინ, 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს ეზოში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.
მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი გუშინ სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები






