ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საზარელი მკვლელობის ირგვლივ გამოძიება სრულყოფილად არაა ჩატარებული და შესაბამისად, დადგენილი არ არის უამრავი დეტალი, რაც საზოგადოებას აწუხებს.
„ბრალდების დადგენილებას არ ვეთანხმებით, რადგან ის რაც დადგენილებაშია მითითებული, რეალობისგან ძალიან შორსაა, არ არის დადგენილი ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების სახელები და გვარები, ასევე, ვინ რას აკეთებდა კონკრეტულ დროს. ამასთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებები აბსოლუტურად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, შესაბამისად, შეუძლებელია ვენდოთ მოწმეთა ჩვენებებს. მიგვაჩნია, რომ თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელთა გამოსწორებაც შემდეგში აღარ მოხერხდა. ამიტომაც, მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე, უამრავი მტკიცებულება, რომელთა შინაარსიც აბსოლუტურად გამორიცხავს და ეწინააღმდეგება ერთმანეთს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ამ წუთებში იწყება.
მასალის გამოყენების პირობები






