„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 17 იანვარს მოხდა.
როგორც კვახაძემ აღნიშნა, თავდამსხმელები კონკრეტულ თანხას ითხოვდნენ და უარის მიღების შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ფიზიკური დაზიანებები საკუთარ სახლთან მიაყენეს.
"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი – ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს – შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა.
ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით“ -აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






