ადვოკატი კანონდარღვევებზე მიუთითებს:
„ფაქტობრივად ის ბრალდებულია, ვინაიდან დაკავებული ჰყავთ უკვე დაახლოებით 48 საათია, მაგრამ მის მიმართ ბრალის წარდგენა ჯერ კიდევ არ მომხდარა. ის დარღვევები, რომელიც მოხდა და რომელიც ხდება ჯერ კიდევ, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მე გიორგი ჭანტურიასთან გავიარო გარკვეული კონსულტაციები, ჩამოვყალიბდეთ საერთო პოზიციაზე და შემდეგ უკვე გაგაცნოთ თქვენც," - აცხადებს ადვოკატი ანა კეკელიძე.
მისივე თქმით, დაკავებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ჭანტურიას მდგომარეობა მძიმეა, მას დიაბეტი და მაღალი წნევა აწუხებს.
"ზოგადად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. არავითარი ჩანაწერები, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს გიორგი ჭანტურიას წინააღმდეგ, პირიქით, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა გუშინ, არის ფაქტობრივად მის მიმართ გამამართლებელი, არცერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე შემხებლობას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან და არც ასევე მის შემხებლობას 236-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც შეეხებოდა ვაზნებს. ანუ, არცერთ მუხლთან დაკავშირებით მის მიმართ მტკიცებულება არ არსებობს,” - განაცხადა ადვოკატმა ანა კეკელიძემ.
გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი ჭანტურიას მშობლების სახლში ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის იარაღის 9 ვაზნა. ადვოკატების ინფორმაციით, ჭანტურიას გამოძიება სწორედ საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას ედავება.
ჭანტურიას დის თქმით, პოლიცია ყოფილი პროკურორისგან გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






