გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
თუმცა შს სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის კაბინეტი, სადაც ის მოკლული იპოვეს, დალუქულია.
ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარაუდოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2001 წლიდან იყო ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში. 2004-2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი. 2008 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. პარლამენტში არჩეული იყო როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
მასალის გამოყენების პირობები






