შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კლუბ ”ბასიანთან” 13 იანვარს მომხდარ ფაქტს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ნათია მეზვრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს.
"ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”, - აღნიშნა მეზვრიშვილმ და იქვე დასძინა, რომ ინციდენტის დროს დაჭრილ პოლიციელს, თამაზ საველიევს შს მინისტრი გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოებს.
”ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
თბილისში, კლუბ "ბასიანში" 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.
მასალის გამოყენების პირობები






