გუშინ, ადვოკატი, გარდაცვლილის მეუღლესთან ერთად, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო, რომელსაც უნდა დაედგინა, უწყვეტი იყო თუ არა საპატრულო პოლიციის კამერებით გადაღებული ვიდეოები და რომელიმე კამერიდან მასალა ხომ არ წაიშალა .
ვეფხვაძის თქმით, დასკვნაში წერია, რომ მასალები დამონტაჟებული არაა და ასევე, კამერებიდან არ მომხდარა რაიმეს წაშლა, თუმცა პოლიციას სამხრე კამერებს ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების და ასევე, ის მომენტი, როცა პაატა პავლიაშვილი შველას ითხოვს, გადაღებული არ აქვთ.
გარდაცვლილის ოჯახი საქმის შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სთხოვს.
გარდაცვლილის მეუღლის მთავარი მოთხოვნაა, გაეცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ არ გადაიღეს ინცინდნტი თავიდან ბოლომდე ადგილზე გამოძახებულმა პოლიციელებმა.
პავლიაშვილების თქმით, პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ არ აღმოუჩინეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პაატა პავლიაშვილს, რომელიც დაკავებისას შეუძლოდ გახდა და შველას ითხოვდა, დახმარება?!
„დაკავების კადრები, რომელიც საქმეში უმნიშვნელოვანესია, საერთოდ არაა გადაღბული და ეს ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა. ჩვენ ვითხოვთ, გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლოს ეს საკითხი. ჩაატაროს სამსახურეობრივი შემოწმება და გაგვცეს იმ კითხვებზე პასუხი, რაც აქვს ოჯახს - რატომ არ მოხდა გადაღება და როდესაც პაატა პავლიაშვილი ამბობდა, ცუდად ვარ, რატომ არ მოახდინეს პოლიციელებმა სათანადო და დროული რეაგირება? “ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
პავლიაშვილის მეუღლე, თნათინ ჭანკოტაძე დარწმუნებულია, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მიზანმიმართულად არ გადაიღეს და არ ჩართეს სამხრე კამერები.
„მათ გაიგონეს, როგორ ეხვეწებოდა პაატა, რომ ცუდად იყო, მაგრამ პატრულებმა ხელი არ გაუშვეს. ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც არ დაუჯერეს ჩემს მეუღლეს, ეგონათ, რომ სიმულიანტობდა, არ დარწმუნდნენ, იყო თუ არა პაატა რეალურად ცუდად“- აღნიშნასვ გარდაცვლილის მეუღლე.
შეწყვეტს თუ არა შოთაძის უწყება პავლიაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიებას, უცნობია. ასევე, უცნობია, დაიწყებს თუ არა საკუთარი თანამშრომლების მიერ შესაზლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიებას შინაგან სამეთა სამინისტროს გენ ინსპექცია.
33 წლის პაატა პავლიაშვილი 25 ოქტომბერს თბილისში, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებმა პავლიაშვილის დაკავების მომენტში, ერთის მხრივ, ძალას გადაამეტეს, მეორეს მხრივ კი ყურადღება არ მიაქციეს პავლიაშვილის არაერთგზის თხოვნას, რომ "ძალიან ცუდად არის" და დახმარებას საჭიროებს. ორი შვილის მამა, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ბორკილების დადების შემდეგ გარდაიცვალა.
რამდენად ადექვატურად და კანონის შესაბამისად იმოქმედა პოლიციამ პავლიაშვილის დაკავებისას, წესით ეს პოლიციელების სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერებით უნდა გარკვეულიყო, თუმცა ოჯახის თქმით, მთავარ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






