სხდომის თავმჯდომარემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია და საქმეს დაურთო. 22 იანვარს საქმეს ახალი მოსამართლე გადაიბარებს და არსებითი განხილვა დაიწყება.
ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესების დამცველები დარწმუნებულები არიან, რომ გარკვეული მტკიცებულება სახელმწიფო ბრალდებამ არასამართლიანად და არაობიექტურად მოიპოვა.
„დაცვის მხარეს საკმაოდ ბევრ მტკიცებულებასთან დაკავშირებით გვაქვს პრეტენზია, მიგვაჩნია, რომ ისინი კანონის არსებითი დარღვევითაა მოპოვებული, თუმცა შეგნებულად, დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გავამახვილეთ ყურადღება ამ მტკიცებულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სხდომაზე შეფასდება აღნიშნული მტკიცებულებები, ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ დაინახოს ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება ყველასთვის აშკარა იქნება, როცა ჩვენ წარვადგენთ ახალ მტკიცებულებებს კონკრეტულ საქმეზე “- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ყველა მტკიცებულება კანონიერად არის მოპოვებული და არასრულწლოვნების ბრალეულობას უტყუარად ადასტურებს.
„გამოძიების მიერ საქმის მასალებში სრულად არის მოპოვებული ის დოკუმენტაცია, ის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ბრალდებულებისთვის წარდგენილი ქმედება,“- განაცხადა პროკურორმა.
მკვლელობაში ბრლდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






