ტარიელ კაკაბაძე აღნიშნავს, რომ საქმეში შესაძლოა, ახალი კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი გაჩნდეს.
ამასთან, კაკაბაძე აცხადებს, რომ მთავარ კითხვას, რამდენი პირი მონაწილეობდა 51 სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში, შესაძლოა, პასუხი ვერ გაეცეს.
„მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაკითხულები არიან საგამოძიებო ორგანოს მიერ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შინაარსობრივად ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაშია. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე უამრავი ადამიანი იყო, ამ დრომდე სრულად არაა ის სურათი აღდგენილი, თუ რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები, ვინ რა ჭრილობები მიაყენა და ასე შემდეგ.
თუ სამედიცინო დასკვნას დავაკვირდებით, უტყუარად არ დგინდება, რამდენმა ადამიანმა , ან რამდენი დანით მიაყენა ჭრილობები გარდაცვლილებს და რომელი დანით - რომელი ჭრილობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე პროკურატურას პასუხი არ აქვს. შესაბამისად, პროკურატურა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს არ უწყობს“ - განაცხადა „ნიუპოსტთან“ ტარიელ კაკაბაძემ.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს კომპლექსური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩაუტარებია.
„ვადასტურებ, რომ დაცვის მხარის მიერ გარკვეული ექსპერტიზები დანიშნულია, რაც მიზნად ისახავს, პასუხები გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელზეც ბრალდების მხარეს პასუხი არ გაუცია და როდესაც პასუხები ცნობილი გახდება, დასკვნებს სისხლის სამართლის საქმეს დავურთავთ. კომპლექსური ექსპერტიზით ბერი რამ დადგინდება“ - აღნიშნა უფლებადამცველმა.
მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის ბიჭის ადვოკატმა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილ კიდევ ორი მოზარდს შეეხება, საუბარი არ ისურვა.
"ამ ეტაპზე ჩვენი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყება და დაიკითხებიან მოწმეები, საზოგადოება ბევრ სიახლეს გაიგებს. ამ ეტაპზე კი ყველაფერ ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი სწორი არ იქნება,“ - აღნიშნა ადვოკატმა.
ტარიელ კაკაბაძემ ასევე, უპასუხოდ დატოვა კითხვა - თანამშრომლობს თუ არა სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლე გამოძიებასთან.
რაც შეეხება საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, გ.ჯ-ს პოზიციას, ადვოკატის თქმით, როგორც კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოზე გამოიძახებენ, მზადაა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს.
„ჩვენი მიზანია, დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს".
1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებამ, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა.
ამ ეტაპზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი არასწრულწლოვანია დაკავებული.
გარდა ამისა, საქმეზე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ სამ პირს აქვს წაყენებული.
საგამოძიებო ორგანოს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე ბრალდებული გ.ჯ კი პროკურატურას რამდენიმე დღის შემდეგ ჩაბარდა. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






