მიუხედავად იმისა, რომ 29 დეკემბერს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ პანკისის ხეობის უხუცესებს სკანდალური საქმის მტკიცებულებები პირადად წარუდგინა, საბჭოს წევრები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ვიდეო და აუდიოჩანაწერების ხმა, არ ისმოდა. შესაბამისად, დაკავებული პანკისელებისა და აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირზე 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადება მხოლოდ უსაფრთხოების მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.
მეტიც, სკანდალური განცხადების ავტორმა, ელიზბარ მარგოშვილმა საჯარო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, თემირლან მაჩალიკაშვილის „ჩათრევა“ მოხდაო.
განსხვავებულია კახეთის გუბერნატორის პოზიცია, რომელიც უხუცესებს გუშინ, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ "დაკავებულებს ტერორისტული ზრახვები ნამდვილად ჰქონდათ", თუმცა არ აკონკრეტებს, გეგმავდა თუ არა ტერორისტული ჯგუფი რუსეთის საელჩოსა და საბავშვო ფესტივალის აფეთქებას.
ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიანიშნა, რომ „უხუცესებზე გარკვეული სახის ზეწოლა მიმდინარეობს“... გუბერნატორი არ აკონკრეტებს, ვინ ახდენს ზეწოლას, თუმცა აცხადებს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს საინფორმაციო წყაროებიდან დაწყებული, „სხვა წყაროებით“ დამთავრებული.
„ნიუპოსტმა“ დაჭრილი ახალგაზრდის ადვოკატთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დაიწყო. სხვათა შორის, თემირლან მაჩალიკაშვილი მარიამ კუბლაშვილის ნათესავია.
„ელიზბარ მარგოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სუს-ისთვის ერთადერთი მტკიცებულება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უხუცესი საქმეში გაერკვა, ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ განცხადების გაკეთება იჩქარა, ანუ პოზიცია შეცვალა. გუბერნატორი კი შეეცადა, ელიზბარ მარგოშვილის შეცვლილი ჩვენება გაებათილებინა,“- აღნიშნავს უფლებადამცველი.
რაც შეეხება ქადაგიშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომ „დაკავებულ ადამიანებს ტერორისტული ზრახვები ნამდვილად ჰქონდათ“, კუბლაშვილი ამბობს, რომ ამ ბრალდების დადასტურება ბრალდების მხარეს ძალიან გაუჭირედება, რადგან „მტკიცებულებები არ არსებობს“.
„გუბერნატორი შესაძლო კავშირებზე საუბრობდა ჩეჩენი ეროვნების ადამიანებთან, თუმცა ამაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, წარმოადგინონ შესაბამისი კადრები და ვიდეოფირები. ის, რომ დაკავებულებს ტერორისტული მიზნები ჰქონდათ, გამორიცხულია. მარგოშვილის პოზიციის შეცვლამ მის (გამოძიების) მიმართ ნდობა დაანგრია და სწორედ ამიტომ კეთდება მსგავსი განცხადებები. ფაქტია, მტკიცებულებები არ აქვთ და ვერ წარმოადგენენ, რომ ამ ბავშვებს ტერორისტული მიზნები ჰქონდათ. სუს-მა უხუცესები პანკისელი ბავშვების დანაშაულებრივ ზრახვებში ვერ დაარწმუნა.
ამასთან, გეტყვით, რომ ბრალდება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ და სხვა დაკავებულებს აქვთ წარდგენილი, არ უკავშირდება მათ მიერ ტერორისტულ მიზნებს - მათ ამას არავინ არ ედავება. მსგავსი ბრალდება არ არსებობს. წაყენებული ბრალდება საერთოდ არაა კავშირში მათ მიზნებთან” - უთხრა „ნიუპოსტს“ მარიამ კუბლაშვილმა.
მაჩალიკაშვილის ადვოკატი მის მიერ გუშინ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას კიდევ ერთხელ განმარტავს და აღნიშნავს, რომ დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები საქართველოში წლების განმავლობაში უპრობლემოდ ცხოვრობდნენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების წევრები ჩვენს ქვეყანაში ტურისტების სტატუსით ჩამოვიდნენ და პანკისშიც ხშირად იმყოფებოდნენ.
კუბლაშვილმა „ნიუპოსტს“ დაუდასტურა , რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის მასალებშიცაა. ჩვენ დავინტერესდით, ცნობილია თუ არა დაცვის მხარისთვის, თუ ვინ შემოიყვანა ჩატაევის გარემოცვა საქართველოში, რაზეც ადვოკატმა თქვა, რომ კითხვებზე პასუხი არ ჩანს.
„ეს ნამდვილად მთავარი კითხვაა, რაზეც პასუხი არ არის გაცემული და ამის ნაცვლად მთავარი ყურადღება გადატანილია ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავარია, საიდან, ვისი დახმარებით შემოვიდნენ ჩატაევი და მასთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში. 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია კი ყურადღების გადატანას ემსახურება"- თქვა კუბლაშვილმა.
ადვოკატმა „ნიუპოსტის“ კითხვას არ უპასუხა - თუ რა იცვლება იმ ფაქტით, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებულები საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„ამ საკითხზე განმარტებას მოგვიანებით გავაკეთებ, არ მინდა ყველაფერზე საუბარი, მაქსიმალურად ვიკავებ თავს"- გვითხრა ადვოკატმა.
კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ სპეცრაზმელს, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა „ტელეფონი ხელყუმბარა ეგონა“.
„როგორც იცით, მაჩალიკაშვილების სახლში მრავალსაათიანი ჩხრეკის მიუხედავად, იარაღი არ აღმოაჩინეს, რამდენად დამაჯერებელია, რომ 19 წლის ბიჭს ბალიშის ქვეშ ედო ხელყუმბარა და მშვიდად ეძინა?! სავარაუდოდ, ტელეფონი ხელყუმბარა ეგონათ და სასიკვდილოდ გაიმეტეს ბავშვი. თუ შეცდომა იყო, უთხრან საზოგადოებას და კანონის წინაშე აგებინონ პასუხი"- განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ოჯახი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი გზით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეცდება.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარდა. სუს-მა სულ 5 პირი დააკავა. ყველა მათგანს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






