ირაკლი ჩხვირკიასთან დაკავშირებით პროკურორები აცხადებენ, რომ მან ბათუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიისგან გაიგო, ბათუმშიო ჩამოვიდა და აქციაში ჩაერთო, რაც შემდგომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. პროკურატურის აღნიშნული განცხადება ჩხვირკიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეს არგუმენტი მისთვის შეურაცხმყოფელია.
პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალდების მხარეს გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სხვა მოლოდინი აქვს დაცვის მხარეს და ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ადვოკატ პაატა შავაძის თქმით აქამდე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ერთად ახდენდნენ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კი განაცხადეს, რომ მერაბ ღოღობერიძე ახდენდა ღამის 12 საათამდე განვითარებული პროცესების ორგანიზებას, ირაკლი ჩხვირკვია კი დილის 4 საათის შემდეგ ჩაერთო მოვლენებში.
„საქმის არსებითი განხილვის მთელი პერიოდი პროკურატურა ამტკიცებდა იმას, რომ ღოღობერიძე და ჩხვირკვია ერთი მთლიანობა იყო, ახლა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე თურმე ჩხვირკია დილის 4 საათის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე აგებს პასუხს, ხოლო ღოღობერიძე კი ღამის 12-მდე. რა უნდა ველაპარაკოთ, პროკურატურა გვევლინება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოლაშქრე უწყებად და ბრალდება მთლიანად აგებულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებზე. დღევანდელმა დღემ დამარწმუნა, რომ მოცემულ საქმეზე უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.“- განაცხადა პაატა შავაძემ.
პროკურატურის განცხადებით ბათუმის 11 - 12 მარტის მოვლენების დროს დაზიანება 37 პირმა მიიღო, სახელმწიფოს კი 239 ათას ლარზე მეტი ზარალი მიადგა. პროკურატურის შედეგ, დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ორივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლო განაჩენს, იანვრის დასაწყისში გამოუტანს.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე აპრილის თვეში დააკავეს. ბრალდების მხარე მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობას ედავება. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩხვირკია და ღოღობერიძე ბრალს და ერთმანეთთან რაიმე კავშირს არ აღიარებენ.
მასალის გამოყენების პირობები






