ადვოკატის ანა ნასრაშვილის თქმით, გამოძიება დაწყებულია პოლიციელის მხრიდან ძალა-უფლების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე.
ზვიად რატიანი აცხადებს, რომ გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა იმის ფარგლებში, რაც და როგორც ახსოვდა.
"საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი რამ არ მახსოვს. არც დასამალია და არც სამარცხვინო - ნასვამი ვიყავი. რამდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხვდა განსაკუთრებით თავში. არ ვიცი შეიძლება ამიტომაც დამავიწყდა, ან იმდენად სტრესულ, აბსურდულ გარემოში აღმოვჩნდი.. წუხელ თითქოს უფრო მახსოვდა, ახლა ლოგიკური თანმიმდევრობა ამ მოვლენების აღარ მახსოვს. სიტყვიერი შეურაცხყოფაც ბევრი იყო, ბევრს მირტყამდნენ, რაღაც მომენტში აღარ მირტყამდნენ და ამ დროს გადამიღეს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. ვუბრუნებდი სიტყვას, მეც ვაგინებდი და ვცდილობდი, რომ ფეხები გამეთავისუფლებინა. არაფერი სახარბიელო და ლამაზი არ არის იმაში როგორც მე ვიქცეოდი. 6-7 იყვნენ, იცვლებოდნენ ესენიც მერე განყოფილებაში რომ მიმიყვანეს აღმაშენებელზე. იქ დაწერეს, რომ მე უკვე მნახეს ნაცემი - დაზიანებებით, ამ ოქმზე ჩემი ხელმოწერა არ არის. იქ ადგილზე ექიმმა შემამოწმა - 11 დაზიანება დაითვალა რაც გარეგნულად ჩანდა. ყველაზე მეტი თავში მომხვდა. ის, რაც მათ უწერიათ, რომ თამარ მეფის გამზირზე ვიდექი 50-ს გადაცილებული კაცი და უმისამართოდ ვიგინებოდი, რის გამოც პოლიციელებმა მომიწოდეს წესრიგისკენ და ეს ჩემი უმისამართო გინება დავამისამართე მათზე - ეს არ მოხდებოდა, არც იმდენად ნასვამი ვიყავი", - თქვა ზვიად რატიანმა.
სამართალდამცველების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, "იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პოლიციელები დაისჯებიან, მაგრამ ამავდროულად ზვიად რატიანსაც მოუწევს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო პასუხის გაცემა.
მასალის გამოყენების პირობები






