მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატები სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპეციას მიმართავენ. მამალაძს უფლებადამცველები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლასა და მსჯავრდებული დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ:
„11 დეკემბერს ვიმყოფებოდი მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ავეჯის განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ხელმოსაწერად შევიტანე. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით უკვე მიმართული ჰქონდა ციხის ადმინისტრაციისთვის მისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით. მე-9 დაწესებულებაში შესვლისას გავიარე უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევედი მსჯავრდებულ მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ჩემთვის უარი არ უთქვამს და არ ჩამოურთმევიათ. პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ისევ გავდიოდი შემოწმებას, ოთახში შემოვიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ამიკრძალა ამ დოკუმენტების „გარეთ“ გატანა, იმ მოტივით, რომ ისინი არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზი სასჯელს იხდის. მე ავუხსენი, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც გიორგი მამალაძის საბანკო ურთიერთობას ეხებოდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ როდესაც გავიდოდი დაწესებულებიდან, ხელახლა გამოვწერდი საშვს, დავბრუნდებოდი პატიმართან და თავად გადავცემდი მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მივიღე აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა და რომ უნდა ჩამოერთმიათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. საბოლოოდ, ზეწოლით მან ეს დოკუმენტაცია ჩამომართვა. 13 დეკემბერს კი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ ინფორმაციას, დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას”, - განაცხადა ავალიანმა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სასჯელაღსრულების სამინისტრო განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს:
”საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება. ასევე გვაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გამოძიებისთვის გადაგზავნა. გარდა ამისა, მოვითხოვთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე”, - განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






