ბუტა რობაქიძის საქმეს "ნიუპოსტი" აქტიურად აშუქებს. აქტიურობს დაცვის მხარეც, რომელიც სიმართლის დამტკიცებას კონკრეტული მტკიცებულებით ცდილობს. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები კი პროკურატურის მიმართ კითხვებს ნამდვილად აჩენს.
გუშინ, დაკითხეს მოწმე რამაზ ეჯიბია, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის სავარძელს იკავებს, 13 წლის წინ კი სამოქალაქო პირი იყო.
ეჯიბიამ სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შსს-ს პრესსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს "ტაქსის მძღოლებს აჩერებდა, რათა იარაღებს მოწმეებად დადგომოდნენ".
დონაძე "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წლების განმავლობაში ბრალდების მიერ შეთითხნილი მითები მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით იმსხვრევა.
„გუშინ ჩემთან დაკავშირებით კიდევ ერთი მითი ჩამოინგრა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ქალბატონი ია მეტრეველი, იტყუებოდა, რომ თითქოს მე შემთხვევის ადგილზე ტაქსის მძღოლებს ვაჩერებდი და ვეხვეწებოდი, მოწმედ დაგვდგომოდნენ, რადგან ესენი ყაჩაღები იყვნენ და ასე შემდეგ... ამის თვითმხილველი არ არსებობს და ახალი გამოძიებით, ვერც მოიძებნა. გუშინ დაიკითხა მოწმე რამაზ ეჯიბია - სუს-ის სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი. ეს არის ერთადერთი მოქალაქე, მოწმე რომელიც ჩხრეკას და იარაღის ამოღებას დაესწრო. რომელიც თვითონ მივიდა შემთხვევის ადგილზე, რადგან იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და ინტერესი ჰქონდა. მან თქვა, რომ მოწმედ დადგომას დათანხმდა, იარაღების ამოღებას დაესწრო და ლუქზეც გააკეთა ხელმოწერა.
მე ეჯიბიას გარკვევით ვკითხე: გურამ დონაძე შემთხვევის ადგილზე თუ დაინახეთ, რამეს ხომ არ მიგითითებდათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით-თქო. რაზეც სუსი-ს თანამშრომელმა თქვა - თქვენ იმდენად ცნობადი სახე იყავით, რომ თქვენგან დირექტივის არსებობის შემთხვევაში, მე ეს აუცილებლად დამამახსოვრდებოდა და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აუცილებლად ვიტყოდიო. ამაზე მეტი რა უნდა თქვას ბრალდების მოწმემ? ამ სიმართლეს წყობიდან გამოჰყავს მბრალდებლები. ამის შემდეგ ისინი გამოდიან მათივე კონტროლირებადი სახელისუფლებო არხებიდან და ავრცელებენ დეზინფორმაციებს“ - აცხადებს გურამ დონაძე.
მასალის გამოყენების პირობები






