როგორც „ნიუპოსტისთვის“ ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, ბრალდების მხარე ბუტა რობაქიძის საქმის მოწმეს მალავს, ანუ წყაროს ინფორმაციით, 2004 წლის 23 ნოემბერს ავტომანქანაში, გარდაცვლილ ბუტა რობაქიძესთან ერთად, კიდევ ერთი პიროვნება იმყოფებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს, პროკურატურას აღნიშნული პიროვნება არ დაუკითხავს.
სხვათა შორის, წყარომ „ნიუპოსტს“ ფოტოც მოაწოდა, რომელიც ზემოხსენებული ინციდენტის დროსაა გადაღებული და რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცი ჰყავს დაკავებული. როგორც წყარო ამბობს, სწორედ ეს ახალგაზრდა მამაკაცი, კახა აზარიაშვილია მოწმე, რომელსაც პროკურატურა მალავს.
„აზარიაშვილი 2004 წლის 24 ნოემბრის შემთხვევისას სწორედ იმ ავტომანქანაში იჯდა, რომელიც წინა დღეს, საღამოს 6 საათზე, დაკავებაზე იყო გადაცემული. ავტომანქანაში, რომლის სახელმწიფო ნომერიც AEB-710 გახლდათ, ის პირები ისხდნენ, რომლებიც მოქალაქე პაატა არდანიანზე თავდასმისთვის იძებნებოდნენ. არდანიანის განცხადებით, ეს პირები მეტროსადგურ „დიდუბესთან“ თავს დაესხნენ, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და გაიქცნენ. პაატა არდანიანი საავდმყოფოში მძიმე ტრამვებით გადაიყვანეს,“ - უყვება წყარო „ნიუპოსტს“, რომელმაც ასევე, გადმოგვცა ნაცემი პაატა არდანიანის დაკითხვის ოქმი. ამ ოქმიდან ნათელი ხდება, თუ რის გამო იძებნებოდა ის ავტომანქანა, რომელშიც რობაქიძე და მისი თანმხლები პირები ისხდნენ.

ამასთან, ე.წ. რობაქიძის საქმეზე „ნიუპოსტისთვის“ კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი. კერძოდ, როგორც წყარო ამბობს, ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოწმე კახაბერ აზარიაშვილი, რომელსაც ბრალდების მხარე მალავს, ქურდობისთვისაა ნასამართლევი - მან მოქალაქე იამზე კაპანაძეს ნივთები მოჰპარა.
„გამოძიებისთვის, ასევე, ცნობილია, რომ ამ ქურდობისას კახაბერ აზარიაშვილს თანამზრახველიც ჰყავდა, რომელიც აზარიაშვილის მსგავსად, პასუხისგებაში იქნა მიცემული,“ - ამბობს მოწმე, რომლის განმარტებითაც, ყველა ეს ინფორმაცია და მასალა ახალმა გამოძიებამ საქალაქო სასამართლოდან 2013 წლის 12 მარტს იმ მოტივით გამოითხოვა, 2006 წელს კახაბერ აზარიაშვილს ქურდობა თითქოს არ ჩაუდენია და ისევე დააბრალეს, როგორც რობაქიძესთან ერთად „იარაღის არქონა“, თუმცა წყაროს თქმით, საქალაქო სასამართლოდან ამოღებული მასალების შემდეგ, პროკურატურა ჩიხში შევიდა, ანუ ახალი გამოძიება დარწმუნდა, რომ კახაბერ აზარიაშვილს და მის თანამზრახველს 2006 წელს ქურდობა ნამდვილად ჰქონდათ ჩადენილი და ამიტომაც, პროკურატურამ საქმის მასალები გადამალა.
„ჩემი აზრით, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ბრალდების მხარე კახაბერ აზარიაშვილს, როგორც მოწმეს, დღემდე არ აჩენს,“ - ამბობს წყარო, რომელმაც ნიუპოსტს კიდევ ერთი სკანდალური დოკუმენტი მოაწოდა.
ეს გახლავთ აზარიაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელიც 2006 წლსი 14 ოქტომბრითაა დათარიღებული. სწორედ ამ დროს აქვს აზარიაშვილს ქურდობა აქვს ჩადენილი. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის პროკურატურას აღიარებითი ჩვენება მის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაზე დანაშაულის შემსუბუქების მიზნით მისცა.
ამ აღიარებით ჩვენებაში აზარიაშვილი წერს, რომ 2004 წლის 24 ნოემბრს, იმ ავტომანქანაში, სადაც ბუტა რობაქიძე იჯდა, დამალული ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც მაშინ პოლიციამ ვერ იპოვა.
აღნიშნულ საქმეზე, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კახაბერ აზარიაშვილი 2006 წლის 14 ოქტომბერსაა დაკითხული. ასევე, დოკუმენტებიდან ნათელი ხდება, რომ დაკითხვას მისი ადვოკატიც ესწრებოდა. შესაბამისად, იმის თქმა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და აღიარებითი ჩვენება ამის გამო მისცა, გამორიცხულია. იმას, რომ აზარიაშვილზე ზეწოლა არ მომხდარა და მან რობაქიძის საქმეზე აღიარებითი ჩვენება საკუთარი სურვილით მისცა, კიდევ ერთი გარემოებაც ამყარებს: ახალ გამოძიებას ამ კუთხით სიტყვაც არ დასცდენია, ანუ გამოდის, რომ დღევანდელი პროკურატურა დარწმუნებულია, რომ კახაბერ აზარიაშვილი სიმართლეს ამბობს, მაგრამ საგამოძიებო უწყებას ამის გახმაურება, როგროც ჩანს, არ აწყობს და რობაქიძის საქმის მოწმესაც, ალბათ, ამიტომ მალავს.
„ისიც მითი და მოგონილია, რომ თითქოს დაჭრილ ბუტა რობაქიძესთან სასწრაფოს ექიმები არ მიუშვეს,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომლის თქმითაც, ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ სასწრაფო, რომელიც პატრულმა 02:17 საათზე გამოიძახა, შემთხვევის ადგილზე 02:20-22 საათზე მივიდა.
შეგახსენებთ: ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ე.წ რობაქიძის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო და პოლიციის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი უფლება-მოსილების გადამეტების გამო წაუყენეს. აღნიშნულის თაობაზე მორიგი სასამართლი დღეს უნდა გაიმართოს.




მასალის გამოყენების პირობები






