როგორც "ნიუპოსტს" ფანცულაიამ განუცხადა, გამოძიება ვალდებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოძიება დაიწყოს, თუმცა ის შესაბამის უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას მაინც გეგმავს.
რაც შეეხება მუქარის ავტორს და მიზანს, დეკანოზის უფლებადამცველს საკუთარი ვარაუდი აქვს, თუმცა ამაზე ამ ეტაპზე ღიად არ საუბრობს.
"ჩემზე წინ, ჩემი დასაცავების ინტერესს ვაყენებ, ამიტომ საგამოძიებო ორგანოში ჯერ არ მივსულვარ, თუმცა დღეს აუცილებლად მივალ. ამასთან აქვე მინდა გითხრათ, რომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს, რადგან ინფორმაცია მასმედიის საშუალებით გავრცელდა, მათ აქვთ უფლება გამოძიება მხოლოდ მედიაში გასული ამბის საფუძველზე დაიწყონ. მიუხედავად ამისა, მე პოლიციაში მისვლას და ჩვენების მიცემას ვაპირებ, მინდა დავეხმარო გამოძიებას" - აღნიშნა ფანცულაიამ.
კითხვაზე იყო თუ არა ეს მუქარის პირველი შემთხვევა, ფანცულაიამ თქვა, რომ მეტ დეტალს გამოძიებას ეტყვის.
"ამ საკითხზე თავდაპირველად გამოძიებას მივაწვდი ინფორმაციას. თუ საგამოძიებო ორგანო ჩათვლის საჭიროდ რომ უფრო ღიად ვისაუბრო ამ საქმის ირგვლივ შემდეგ მეტად გახსნილი ვიქნები"- აღნიშნავს უფლებადამცველი.
ფანცულაია მუქარას მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირებს.
"მაქვს ვარაუდები საიდან და ვისგან შეიძლება მოდიოდეს მუქარა. თუმცა მე არ ვარ პროკურატურა ვარაუდების საფუძველზე ბრალი წაუყენო ვინმეს. გამოძიება იმიტომ არსებობს რომ სიმართლე დაადგინოს. ჩემი მიზანი პრესაში აჟიოტაჟის ატეხვა არ არის, მინდოდა დაენახა მუქარის ავტორს, რომ მე ამ გზით ვერ შემაშინებენ"- დასძინა მან.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






