ბათუმის საქალაქო სასამართლომ მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი 250 ლარით დააჯარიმა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშრებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
ბათუმის პოლიციის 6-ე განყოფილების თანამშრომლებმა მსახიობი დღეს დილით გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, რის გამოც დააკავეს, მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს.
ბიბინეიშვილის განცხადებით, მას ხმამაღალი შელაპარაკება მეგობართან მოუვიდა, რამაც სამართალდამცავების ყურადღება მიიქცია. მსახიობი პოლიციის თანამშრომლებს უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებს.
„გარეთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა ხმამაღალი საუბარი, რის შემდეგაც რატომღაც გამოიძაღეს დაცვის პოლიცია, რის შემდეგაც ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც გავხდი, განსაკუთრებული აგრესიით მეექვსე განყოფილება გამოირჩეოდა, რაც შეეხება მეექვსე განყოფილებას, მეტი თავაზიანობა პატივცემულებო, მაგრამ ერთი ორი აუცილებლად დატოვებთ სამსახურს, მე გაძლევთ მაგის პირობას ანრი ბიბინეიშვილი, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც ვერ გაუთავისებიათ რას ნიშნავს თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობა, უფლებების დაცვის ნაცვლად, თქვენ უფლებებს არღვევთ“, - აცხადებს ანრი ბიბინეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






