ფირცხალავას თქმით, ოქმების გასაჯაროვებისთვის პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს და ჟურნალისტებს გამოკითხვაზე დაატარებენ, რეალურად კი პროკურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს.
დღევანდელ პროცესზე საქმის პროკურორმა დაადასტურა რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სადაც დახურული სხდომის ოქმის დატოვება მოხდა. პროკურორმა განმარტა რომ მასალებს იყო მხოლოდ ირაკლი ფირცხალავას ჩვენება. შესაბამისად ბრალდების მხარის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია.
"ვერ წარმოიდგენთ სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს რა დაუტოვეს. დაუტოვეს ჩემთვის გადმოსაცემი ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები. დღეს მათი კოლეგები ადვოკატებს დაატარებენ თუ ვის გადასცეს. მოსამართლე ბუგიანიშვილი ამბობს, რომ მას არავისთვის გადაუცია. აქ კი დასტურდება, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ისე რომ არ განუმარტავთ რომ დახურული სხდომის ოქმი იყო პირდაპირ გამოითხოვეს. ბუგიანიშვილმა მისცა და ამ ადამიანებმა დაუტოვეს ვიღაც არაოფიციალურ პირს. ამათი არაკომპეტენტურობა უკვე ძალიან გასაკვირია. ერთი კვირის განმავლობაში ციხეში იდო დახურული სხდომის ოქმები. იქიდან ვინ სად წაიღო ეს ოქმები კაცმა არ იცის. პროკურატურა საქმეს იძიებს და დაკითხვაზე დაატარებენ ადვოკატებს თუ ჟურნალისტებს. მტკიცებულება მაქვს როგორ ხვდება დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში, ეს მასალები არანაირად არ იყო დალუქული. ეს ხალხი, მათ შორის პროკურორები მინიმუმ უნდა გამოიკითხონ", - განაცხადა პროცესზე ფირცხალავამ.
თავის მხრივ, პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ ფირცხალავას ე.წ. ციანიდის საქმის დახურულო სასამართლო სხდომის მხოლოდ ერთი ოქმი გადაეცა, რომელშიც მხოლოდ მისი დაკითხვაა დაფიქსირებული.
ამის საპასუხოდ ფირცხალავამ განაცხადა, რომ 5 დისკი ინახებოდა ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის კაბინეტში, რომელიც დახურული სხდომის ოქმები იყო.
"კიდევ მე ვაჭიანურებ პროცესს?! დახურული სხდომის ოქმი მიეცით ციხის თანამშრომელს"- განაცხადა ფირცხალავამ.
სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმი ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად ნომერ მეცხრე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა.
პროკურორმა განმარტა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფირცხალავასთვის გადასაცემად მან 5 დისკი მიიტანა.
"ამ დისკებიდან ორი იყო გამოძიების ეტაპზე მოწმე ირაკლი მამალაძის გამოკითხვა, 2 იყო იმ სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და მხოლოდ ერთი, მეხუთე დისკია 2017 წლის 1 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ე.წ. ციანიდის საქმეზე და სადაც ჩაწერილია თავად ბრალდებულის ჩვენება. სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია კანონმდებლობის თანახმად დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადასცეს, რაც ჩვენ გავაკეთეთ", - განაცხადა ლაშა ფანჩულიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა დალუქული დახურული სხდომის ოქმი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ოქმი დალუქული არ ყოფილა.
ლაშა ფანჩულიძე ირწმუნება, რომ ვინაიდან მტკიცებულებები პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა, პროკურატურას ჰქონდა შესაბამისი გარანტიები, რომ დახურული სხდომის ოქმი არაუფლებამოსილ პირთან არ მოხვდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






