“საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ 30 ოქტომბერს პროკურატურის თანამშრომლისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე შპს "სალვუს დეველოპმენტის" ოფისში, ორგანიზაციის წარმომადგენელსა და პროკურატურის თანამშრომელს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო,“- აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ,"სალვუს დეველოპმენტის" სათაო ოფისში გუშინ პოლიცია იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავები კომპანიაში იარაღს ეძებენ. სამართალდამცავები კომპანიაში და მფლობელის გიორგი სოზაშვილის სახლში გუშინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ შევიდნენ. ერთ-ერთი კლიენტი ამტკიცებდა , რომ შეჩერებული მშენებლობის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ კომპანიის დირექტორი მას იარაღით დაემუქრა. მოქალაქე პროკურორ ბექა ეჟიშვილის ძმაა. ინციდენტის შემდეგ ეჟიშვილი „სალვუს დეველოპმენტის” ოფისში სამართალდამცველებთან ერთად მივიდა, ვითარება ადგილზე ძალოვნების გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მოქალაქე მათ ემუქრებოდა და ამის ამსახველი ვიდეო-მასალაც გააჩნიათ.
კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელი გიორგი სოზაშვილი თქმით, მის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ზეწოლა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რაც „რუსთავი 2“-ზე რეკლამა განათავსა.
„მოქალაქე მოვიდა ოფისში, ვითომდა რაღაც საკითხების გასარკვევად, თვითონვე მოაწყო პოროვოკაცია, იმუქრებოდა, რომ მისი ძმა პროკურორია და თუ ის საჭიროდ ჩათვლიდა, ყველას დაიჭერდა. მისი ძმაც მოვიდა ოფისში, მოიყვანა თანმხლები პროკურორებიც, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებდნენ. წინასწარვე დააანონსეს, რომ ოფისში ჩხრეკას ჩაატარებდნენ და ყველას ციხეში ჩასვამდნენ,“ - განაცხადა სოზაშვილის ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






