ადვოკატები სასამართლოში 13:00 საათზე უნდა მივიდნენ. ცნობისთვის, საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზის უფლებადამცველები პროკურატურაშიც იმყოფებოდნან, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.
დღეს სასამართლოში ციანიდის საქმის სამ ადვოკატს - სულხან კობახიძეს, პაატა მეხრიშვილს და მიხეილ რამიშვილს ელოდებიან.
როგორც პაატა მეხრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ აქვთ უფლება არ მისცენ ჩვენება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. მეხრიშვილის თქმით რომ გამოძიებას ჩვენებას არც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არ მისცემს.
„როგორც აღმოჩნდა, პროკურატურამ მაინც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და იშუამდგომლა სამი ადვოკატის მაგისტრი მოსამართლის მიერ დაკითხვაზე. მე, სულხან კომახიძე და მიხეილ რამიშვილი დღეს ვართ დაბარებული სასამართლოში. სასამართლომ ეს მოთხოვნა სრულიად უკანონოდ დააკმაყოფილა, რადგან ჩვენ, ადვოკატებს, საპროცესო კანონმდებლობა გვანიჭებს უფლებას არ მივცეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს“, - განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე კი, დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი საგამოძიებო ორგანოში ამავე საქმეზე იყო 11 საათზე დაბარებული, თუმცა მან პროკურატურისთვის ჩვენების მიცემაზე, დანარჩენი უფლებადამცველების მსგავსად, უარი განაცხადა.
„პროკურატურას სურს ინფორმაცია მიიღოს ჩემგან 374-ე მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა მე კოლეგების მსგავსი პოზიცია მაქვს და ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს ვაცხადებ. პირიქით, მე მავალდებულებს კანონი რომ იმ საქმეზე, რომელზეც მე ჩართული ვიყავი როგორც ადვოკატი, მეკრძალება ჩვენების მიცემა“, - განაცხადა ადვოკატმა ეკა ლომიძემ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






