შოთაძის უწყებას უკვე მიმართეს სერგო მამასახლისის ოჯახის წევრებმა. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 5 დღის წინ მოხდა. დაკავებულს განყოფილების ერთ ოთახში, სადაც არ იყო ვიდეოსათვალთვალო კამერები, ერთ საათზე მეტხანს სასტიკად და გამეტებით ურტყამდნენ.
თავად ბრალდებული სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან საუბრისას ჰყვება, რომ მისი დაკითხვა ფიზიკური ზეწოლით მიმდინარეობდა და აღიარებითი ჩვენებაზე ხელი მას ცემის შედეგად მოაწერინეს. როგორც მამასახლისი განმარტავს, პოლიციელები ფეხსაცმლით სცემდნენ.
ოჯახი დარწმუნებულია, ბრალდებულს დაზიანებებიწაქცევისას არ მიუღია, როგორც ამას შინაგან სამეთა სამინისტროში ამბობენ. მეტიც, მათი თქმით, სამართალდამცავები დაკავებულს "3 წლის შვილით დაემუქრნენ".
დაკავებულის და ლალი მამასახლისი აცხადებს, რომ მის ძმას წამების კვალი დღესაც ეტყობა.
„მე თვითონ ვიყავი სასამართლოზე და ჩემს ძმას რომ შევხედე შოკში ჩავვარდი ისეთი მდგომარეობა აქვს. რა გამოძიება და რა ექსპერტიზა უნდა დასჭირდეს, რომ შეხედავთ თავად მიხვდებით როგორი მდგომარეობა აქვს. თუ დამნაშავეა სამართლიანად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ის დამნაშავე არ არის. დღესდღეობით თუ ამ მთავრობაში ასეთი ძალადობა იქნებოდა, ხალხს მოვუწოდებთ, შეიძლება დღეს ჩემი ძმა ჩავარდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ხვალ შესაძლოა მათი მამები, მათი ძმები, მათი შვილები ჩავარდნენ ამ მდგომარეობაში თუ ყველამ ხმა არ ამოიღო. ეს წამება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,“-განაცხადა ბრალდებულის დამ, ლალი მამასახლისმა.
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ მამასახლისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები იცავენ.
მათი თქმით, დაკავებულს დაზიანებები სახეზე და სხეულზე აღენიშნება.
„აბრალებდნენ მას ყაჩაღობას ჯგუფურად, რომ მას თითქოს იმ დღეს შუაღამისას მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის მონაწილე და ერთ-ერთი აღმსრულებელი იყო. ეს ადამიანი არ ადასტურებდა ამას იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზეც კი არ იმყოფებოდა სადაც ეს ფაქტი მოხდა. დაიწყეს უკვე მისი ცემა, საშინელი მეთოდით, მითხრა რომ იგი დააგდეს პირქვე დივანზე. ისეთ ოთახში შეიყვანეს სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო. სცემდნენ მას უმოწყალოდ, განსაკუთრებით თავის არეში ურტყამდნენ,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა ეკა ლომიძემ.
შინაგან სამეთა სამინისტრომ ყაღაღობის ფაქტზე განცხადება, მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო წამების შესახებ განცხადება სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
მღბრიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს.
შს სამინისტროს ცნობით, „ალფაზე“ თავდასხმაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. რაც შეეხება დაზიანებებს, სამინისტრო განმარტავს, რომ ბრალდებული დაკავებისას წაიქცა და დაზიანება მიიღო.
"ნიუპოსტს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ ბრალდებული პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






