„ლენდოს“ ყოფილმა თანამშრომელმა ანა კილასონიამ გაიხსენა ყაჩაღობის დეტალები. მისი თქმით, იმ დღეს ოფისში ოთხნი მუშაობდნენ, მომხმარებლები კი ჩვეულებრივზე ნაკლებნი იყვნენ. დანაშაულის დროს მხოლოდ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ემსახურებოდნენ, როცა კარი გაიღო და ერთი, 40 წლამდე პირი შემოვიდა ბალოტისფერი ნიღბის სწორებით სახეზე. მას, მოწმის დაკვირვებით, მკვეთრი ცისფერი თვალები, ღია, ჩამოშვებული წარბები და აწითლებული ღაწვები ჰქონდა. ტანზე შავი ქურთუკი ეცვა კაპიშონით, ჯინსის შარვალი და თეთრძირიანი ფეხსაცმელი. ტანად მაღალი და გამხდარი იყო. ამბობს, რომ მან იარაღის მუქარით ფული წაიღო, გასვლის წინ კი ასეთი სიტყვები თქვა - „თქვენ ყველაფერი დაზღვეული გაქვთ, მე კიდევ შვილი საავადმყოფოში მიწევს“.
„ლენდოს“ ყოფილი თანამშრომლის თქმით, მერე სამართალდამცველებიც მოვიდნენ. მიკროსაფინანსოს ბაზაში მანამდე თანამშრომლები ეძებდნენ ფოტოსურათს, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ეს პირი მათი კლიენტი, ან ადამიანი, ვისაც უარი უთხრეს თავის დროზე სესხის გაცემაზე და ამან გაანაწყენა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ ის ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა და ბრალდებულ გიორგი კუკავას ფოტოსურათი უჩვენა, თან ჰკითხა, ხომ არ ამოიცნო მასში დამყაჩაღებელში:
„მივამსგავსე, რადგან ძალიან მკვეთრი ცისფერი თვალები ქონდა იმ სურათზე. არ ვიცოდი, რომ დაკითხვამდე არ უნდა ეჩვენებინათ. მაგრამ დარწმუნებით ვერც მაშინ გეტყოდით და ვერც დღეს, რომ ის ადამიანი გიორგი კუკავა იყო. იმ პოლიციელმა მითხრა, ფოტო რომ გაჩვენე, არავის უთხრაო. მაშინ ვერ მივაქციე ამ სიტყვებს ყურადღება“.
ანა კილასონიას თქმით, კიდევ ერთხელ ბრალდებულის ფოტოსურათი პოლიციის სამმართველოში ამოცნობამდეც უჩვენეს, უკვე ამოცნობაზე კი წინ სამი პირი დაუყენეს, რომელთაგან ორი საერთოდ არ შეესაბამებოდა მის მიერ აღწერილ ადამიანს. ერთი თავად კუკავა იყო.
„გამოიყენეს ჩემი ემოციური მდგომარეობა. შეიძლებოდა უდანაშაულო ადამიანისთვის დამედო ხელი. ემოციურ ფონზეა ჩემი ჩვენება დაწერილი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ“, - განუცხადა ანა კილასონიამ სასამართლოს.
მანვე აღნიშნა, რომ საბოლოოდ ხელი მოაწერა ოქმს, სადაც წერია - გიორგი კუკავა ნამდვილად ის ადამიანია, ვინც ყაჩაღობა ჩაიდინა. მოწმის თქმით, შეეცადა ჩანაწერი ყოფილიყო შემდეგნაირად, რომ არ იყო ამ ყველაფერში დარწმუნებული, თუმცა პასუხად მიიღო - ოქმი კი და არას გარეშე, სხვანაირად ვერ შედგებაო. ამბობს, მისთვის არავის განუმარტავს, ადვოკატის ყოლის უფლება რომ ქონდა, ვისგანაც სამართლებრივ რჩევას მიიღებდა. არც ის იცოდა, მეორე დღეს რომ იყო შესაძლებელი ამოცნობის პროცესის გავლა.
ანა კილასონიას თქმით, გიორგი კუკავა „ლენდოს“ კლიენტი არასდროს ყოფილა. არც არასდროს უთქვამთ მისთვის უარი სესხზე. მოწმისვე განმარტებით, ძალიან მძიმეა იმ შეგრძნებით ცხოვრება, რომ შესაძლოა განსასჯელის სკამზე შენი მონაწილეობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდეს, ამიტომ სურს სიმართლე დადგინეს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყოფილმა თანამშრომელმა დღეს კიდევ ერთ გარემოებაზე ისაუბრა. აღნიშნა - მის პოლიციელ დეიდაშვილს, რომელიც თბილისში მსახურობს, დაურეკეს და უთხრეს, ნათესავს ჩვენება არ შეეცვალა, თორემ ამას ანანებდნენ.
ანა კილასონიამ დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა ზ.ფ-ს ფოტოსურათი, ვინც დღეს ასევე ყაჩაღობისთვის იხდის სასჯელს და განმარტა, რომ ეს ადამიანი ძალიან გავს იმ პირს, ვინც „ლენდოს“ თავს დაესხა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ამტკიცებს დარწმუნებით, რომ დამნაშავე სწორედ ის არის და არა გიორგი კუკავა.
სხდომაზე ანა კილასონიას გარდა ორგანიზაციის მოქმედი თანამშრომელი ლელა ბოჭორიშვილიც დაიკითხა. მათი ჩვენებები თითქმის იდენტური იყო. მანაც აღნიშნა, რომ არც ის არის დარწმუნებული გამოძიებისთვის მიცემული თავდაპირველი ჩვენების სიზუსტეში, რომლის თანახმადაც განსასჯელის სკამზე მჯდომი დამნაშავეა მოცემულ საქმეში.
თავის მხრივ, გიორგი კუკავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა, და რომ პროკურატურა არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით:
„ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ არაფერი ჩამიდენია. თქვენ კიდევ მსახიობობთ და სპექტაკლებს მართავთ. უდანაშაულო ადამიანი მეშვიდე თვეა ციხეში ვზივარ“.
პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის მტკიცებით კი, არიან მოწმეები, საგამოძიებო საქმიანობის მწარმოებლები, ექსპერტიზა, რომელიც ასაბუთებს გიორგი კუკავას ბრალეულობას აღნიშნულ საქმეში, რისი მოწმენიც მალე გახდებიან.
საპირისპირო მოსაზრება აქვს დაცვის მხარეს. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე სასამართლოსგან მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს ელოდება.
მანამდე მან სასამართლოს რამდენიმე შუამდგომლობა წარუდგინა, რომელთაგან ყველა მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა. თუმცა ამ ყველაფერს მხარეებს შორის პაექრობა უძღოდა წინ.
ერთ-ერთი შუამდგომლობა დათვალიერება-ამოღების ოქმის დასაშვებად ცნობას ეხებოდა, კერძოდ ცესკოს ვებ-გვერდიდან ამოღებული ფოტოსურათის საქმის მასალებისთვის თან დართვას. ერთიც განცხადება და წერილი იყო წარმოდგენილი.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მუხლის გულისხმობს თავისუფლების აღკვეთს 5-დან 7 წლამდე.
წყარო: livepress.ge
მასალის გამოყენების პირობები






