რესტორანში ორივე მათგანმა დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. დაწესებულებაში დაწყებული ხმაური კი ქუჩაში, ორმხრივი სროლითა და მკვლელობით დასრულდა.
„ხმადაბლა კამათობდნენ, შემდეგ რესტორნის ტერიტორია დატოვეს და კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა. ორმხრივი სროლა იყო. რვა გასროლა გავიგეთ"- აცხადებს თვითმხილველი.
ორთაჭალაში შემთხვევის ადგილთან მყოფი პირები იხსენებენ, რომ სავარაუდო მკვლელის მხრიდან პირველი გასროლის შემდეგ, მამაკაცი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა, სადაც სავარაუდოდ იარაღი ჰქონდა და მანქანიდან საპასუხო ცეცხლი გახსნა.
სროლის შედეგად 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაცხრილულია მისი კუთვნილი ავტომობილიც, ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გვერდით მდგომ მანქანასაც.
როგორც ირკვევა მოკლული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის რუსეთში რამდენიმე მკვლელობისთვის იძებნებოდა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა სწორედ მოკლულის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
არის ერთი გარემოებაც, არსებული ინფორმაციით, მოკლულს საკონტროლო ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.
ადგილზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციაში დაიკითხა ყველა ის პირი ვინც უშუალოდ შეესწრო ფაქტს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყებაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ. უცნობია ამოიღეს თუ არა რესტორანში დამონტაჟებული კამერებიდან ჩანაწერები.
მასალის გამოყენების პირობები






