ლოთობა, უსაფუძვლო ეჭვიანობა, ფიზიკური ძალადობა, არასრულწლოვანი შვილებისთვის მორალური ზიანის მიყენება- ეს ის არასრული ჩამონათვალია ყველა იმ ძალადობისა რასაც, 47 წლის გ.მ. მისივე მეუღლის მტკიცებით, ჩოხატაურის სოფელ სამებაში საკუთარ ოჯახში, 40 წლის მეუღლის, ზ.ჩ.-ს, ასევე, 4 არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადიოდა.
როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალი აღნიშნავს, ის, თვეში, მინიმუმ ორჯერ მაინც, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. მეუღლე გამუდმებით სვამდა და ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ბავშვების თანდასწრებით ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა. ერთ-ერთი მორიგი ძალადობის მომენტისთვის ქალი ორსულად იყო, ფიზიკურმა ძალადობამ კი ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია. ქალს არაერთხელ ჰქონია სახლიდან გაქცევის მცდელობა,მაგრამ ყოველი მცდელობა სასტიკი ცემით და მის მიმართ იარაღის სროლითაც კი დასრულებულა. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობას ისიც ემატებოდა ,რომ ოჯახში, სადაც ოთხი არასრულწლოვანი იზრდება საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობებიც ძალიან მძიმეა. ზამთარში ქალს პატარა ბავშვით ხელში შეშა ხშირად ჩამოუზიდავს ტყიდან. სახლში წესიერი სკამი და საწოლიც კი არ აქვს. ბავშვების საკვებსაც მხოლოდ სოციალური დახმარებით ყიდულობს.
"რამდენჯერმე მქონდა მცდელობა პოლიციაში დარეკვის, მაგრამ მეუღლე ამის საშუალებას არ მაძლევდა"-აცხადებს მომჩივანი.
ქალბატონმა ზ.ჩ.-მ, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძალადობის დროს, ქორწინებიდან მეთოთხმეტე წელს, გადაწყვიტა და როგორც იქნა მოახერხა პოლიციაში დარეკვა.
დღეისათვის დაპირისპირებამ სასამართლოში გადაინაცვლა და ოჯახური ძალადობის საკითხს ოზურგეთის რაიონული სასამართლო-მოსამართლე ბიძინა სტურუა-განიხილავს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,მოძალადე მეუღლეს, სამ წლიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლო პროცესი 2017 წლის 6 სექტემბერს გაგრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სასამართლო იხილავს, ქალი შიშობს, რომ ძალადობა შემდგომშიც გაგრძელდება.
დიდია იმის ალბათობა,რომ მეუღლის აგრესია მის მიმართ კიდევ უფრო გაძლიერდეს. ქალბატონ ზ.ჩ.-ს მისთვის და მისი შვილებისათვის თავშესაფარს ითხოვს, რათა თავი დაიცვას მორიგი ძალადობისგან.
იგი თხოვნით მიმართავს კომპეტენტურ პირებს, დაეხმარონ მას და მის შვილებს. უზრუნველყონ თავშესაფარში მათი დასახლება და უსაფრთხოება.
მასალის გამოყენების პირობები






