ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მუხლის გულისხმობს თავისუფლების აღკვეთს 5-დან 7 წლამდე.
დაცვის მხარემ ახალ გარემოებად წარმოადგინა დაზარალებულის პროკურატურაში შეტანილი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეჭვი შეაქვს მის მიერ ბრალდებულის ამოცნობის სისწორეში. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაცვის მხარემ ბრალდებულ გიორგი კუკავასთვის აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება გაასაჩივრა სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც ეს საქმე წარმოებაში მიიღო.
სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, რომელთა ნაწილის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობის, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, საქმეს სულ სხვა მიმართლებას მისცემს. კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს „ლენდოში“ მოპოვებული თითის ანაბეჭდები შეედაროს ერთ-ერთი მსჯავრდებულის თითის ანაბეჭრდებს, რომელიც ამ ეტაპზე ტექნიკის მაღაზიის დაყაჩაღებისთვის იხდის სასჯელს. როგორც ადვოკატები ირწმუნებიან, აქვთ გონივრული ეჭვი, რომ სწორედ მან დააყაჩაღა „ლენდო“, რადგან გიორგი კუკავა და მსჯავრდებული ვიზუალურად ძალიან გვანან ერთმანეთს, ამოცნობისას დაზარალებულებს შეეშალათ და გამოძიებაც არასწორი მიმართულებით წავიდა.
გამომდინარე იქედან, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს უარი განუცხადა მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდების მიწოდებაზე, ადვოკატებმა მიმართეს სასჯელაღსურების დაწესებულებას, სადაც სასამართლოს შესაბამისი მომართვა მოსთხოვეს. მომდევნოს სხდომაზე დაცვის მხარეს მოუწევს წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მსგავსი მასალა მართლაც ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლე შუამდგომლბის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ბრალდებულის უდანაშაულობა დადასტურდება იმ მტკიცებულებებით, რომელიც საქმეშია. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, იმ მოწმეების პარალელურად, რომლებიც დაადასტურებენ გიორგი კუკავას უდანაშაულობას, არსებობს მაღაზია „ნიკორას“ და რესტორან „მაკდონალდსის“ სათვალათვალო კამერების გადაღებული ვიდეო კადრეები. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მასალაში ჩანს ბრალდებული, როგორ გადაადგილდება კოსტავას ქუჩაზე ზუსტად იმ დროებში, როცა მოხდა ყაჩაღობის ფაქტი.იოსებ ჯანაშიას თქმითვე, ერთადერთი მტკიცებულება რის საფუძველზე მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება არის, სამი მოწმის მიერ ბრალდებულის ამოცნობა. მისი სიტყვებით, დაყაჩაღება მოხდა ნიღბიანი ადამიანის მიერ და საუბარია აიმაზე, თითქოს დაზარალებულებმა თვალის ფერის და წარბის ფორმის მიხედვით ამოიცნეს ბრალდებული.
დღეს გამართულ სხდომას გიორგი კუკავას ახლობლებთან ერთად ესწრებოდა ქალაქის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, იგი იცნობს ბრალდებულს და მის ოჯახს, რომელიც საზოგადოების მხრიდან დადებითად ხასიათდება.„არის ბევრი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის უდანაშაულობას და შესაბამისად მაღალია საზოგადოების ინეტერსი და მე ვესწრები ამ სხდომას, რომელისაც ბოლომდე თვალ-ყურს მივადევნებ“, - განაცხადა ქვარაიამ.
საქმის მორიგი განხილვა 11 სეაქტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
წყარო: livepress.ge
მასალის გამოყენების პირობები






