მუსტაფა ემრე ცაბუქის მიმართ სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაახანგრძლივა. აღნიშნულის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე. ერთ-ერთი კერძო კოლეჯის მენეჯერის მ.ე.ჩ.-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა 2017 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდა.
საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ე. ჩ. ეჭვმიტანალია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ამავე ორგანიზაციის მითითებების შესაბამისად მოქმედებაში. თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 5-დან 10 წლამდე ვადით, რაც თურქეთის რესპუბლიკის ტერორიზმთან ბრძოლის კოდექსის თანახმად, შესაძლებელია გაიზარდოს 2/3-ით.
სასამართლომ შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი სახე ვერ უზრუნველყოფს საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სათანადო ქცევას. სასამართლომ განმარტა, რომ კვლავ სახეზეა ის საფრთხეები, კერძოდ მიმალვის საფრთხის მაღალი რისკი, რომლის გათვალისწინებითაც 2017 წლის 25 მაისს მ.ე. ჩ.-ს შეეფარდა პატიმრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






