საქალაქო სასამართლოში დღეს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დაცვის მხარე იმედოვნებს რომ საბოლოო განაჩენი დღეს გამოცხადდება და დავით ხარშილაძეს გაამართლებენ. გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ დავით ხარშილაძესა და ელისო კილაძეს.
„მოლოდინი არის ცალსახად დადებითი, ველოდები პირველ ინსტანციაშიც გამამართლებელ განაჩენს. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, დღეს იქნება დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარის და ვნახოთ, დანარჩენი მოსამართლეზე არის დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ გაიწელოს ეს პროცესი, როგორც იწელება რამდენიმე მსგავსი ცნობილი საქმე,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.
ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტური იქნება და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„ეს დღეს იქნება თუ არა, ამის პროგნოზირება ძნელია, იმიტომ რომ დარჩენილია ადვოკატთა ბოლო სიტყვები, ადვოკატები მზად არიან. ჩემი შვილის ბოლო სიტყვა, პროკურატურის რეპლიკები. მოესწრება თუ არა ეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, არ ვიცი.“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






