თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ბრალდების საქმეზე მ. და ნ. ჯ.-ებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2017 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში რამდენჯერმე გაასაღეს (5 ეპიზოდი).
სამართალდამცველებმა ბრალდებულ მ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 17 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი ნივთიერება, ხოლო ბრალდებულ ნ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 16 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი ნივთიერება ამოიღეს.
დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ, ბრალდებულების მიმართ ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც სასჯელის სახით 7-დან 14 წლამდე, 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ოქტომებრს 15:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






