საქმის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სასამართლოს წინ სირცხვილის დერეფანი გააკეთეს და აღნიშნავდნენ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
პროკურატურა პრეზიდენტ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება.
ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე ე.წ. „დოქტორ დოტის“ საქართველოში ვიზიტზეც აპელირებდა, თუმცა როგორც ჟურმალისტებს დაცვის მხარის წარმომადგენელმა ბექა ბასილიამ განუცხადა, დოქტორ დოტის ხარჯები გაწეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ და ეს საქმეში არსებული დოკუმენტებით დასტურდება.
ადვოკატმა პროკურატურა დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
„დოქტორ დოტის არც ერთ თეთრზე ბრალი არც მიხეილ სააკაშვილს, არც თემურ ჯანაშიას არ წაუყენეს. შესაბამისად, პროკურატურა ამ საკითხს იყენებს, როგორც დისკრედიტაციის საშუალებას”, - აღნიშნა ბასილაია.
ჟურნალისტებთან კომენტარი საქმის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმაც გააკეთა.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული იყო ის ხარჯები, რომლითაც მასაჟისტი დოტი ისვენებდა სასტუმრო "კოპალაში" და მას გაუწიეს სხვადასხვა მომსახურება. ხარჯები კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო დაფინანსებული.
“ზურაბ ჭყოიძემ დაადასტურა, რომ დოქტორ დოტისთვის უნდა გაეწია მასპინძლობა. მართალია, მან არ იცოდა, რა ხარჯებით მოხდებოდა დოტის სასტუმრო “კოპალაში” განთავსება, თუმცა, ეს სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავადგინეთ. მისი იქ ყოფნა დაფინანსებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც ცნობილია, დოქტორ დოტი საქართველოში იმყოფებოდა 2009 წლოს თებერვალში. ეს ინფორმაცია იყო საიდუმლო და ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა თვითონ დოქტორ დოტის მხრიდან. ამას მარტი-აპრილის თვეში საზოგადოების მხრიფან მოჰყვა დიდი სკანდალი და სწორედ ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ყველა ხარჯი - ბოტოქსები, საჩუქრები, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს აღშფოთებას გამოიწვევდა, ყოფილიყო საიდუმლო წესით. ვინაიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნახევრად გასამხედროებულია, მისი ბიუჯეტი და ხარჯები არის საიდუმლო, რაც საკმაოდ ხელსაყრელი იყო პრეზიდენტისთვის, რომ ხარჯები არამიზნობრივად დახარჯულიყო, არა კანონით, არამედ საიდუმლოდ”, - აცხადებს საქმის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი.
ოროკურორის საპასუხოდ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ როცა ბრალდების მხარე საუბრობს საჩუქრებზე, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თანხებში 700 ათასზე მეტი არის საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯული. მათ შორის მიუსაფარი ბავშვების თავშესაფრებისთვის.
“ეს არ არის სასამართლო პროცესი, ეს არ არის პროკურატურის მიერ სისხლისამართლებრივი დევნა. ეს არის პოლიტიკური დევნა, ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს. აქ პროკურორი საუბრობდა რაღაც არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებზე. თქვენ იცით, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ხარჯი მედიკამენტებზე არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე სხვადასხვა სოციალურად დაუცველი პირებისთვის. აქ რომ პროკურორი საუბრობს საჩუქრებზე, აქვე აღსანიშნავია, რომ ამ თანხებში 700 ათასზე მეტი არის საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯული. მათ შორის მიუსაფარი ბავშვების თავშესაფრებისთვის. აქ საუბარი იყო ბრალზე სააკაშვილისა და ჯანაშიას ვაცლავ ჰაველის, კაჩინსკის და სხვა საფლავებზე თაიგულებზე. ეს საქმე არის სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული და გრძელდება 2015 წლიდან”, - თქვა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






