არანაკლებ ხმაურიანი გამოდგა გუშინ გამართული პროცესი, სადაც პატიმრობაში მყოფი, ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა დაკითხეს, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა და პროკურატურის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში დაადანაშაულა.
როგორც ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე როგორც აგენტი ისე მონაწილეობდა.
ამ ეატაპზე ბრალდების მთავარი სათქმელი არის ის რომ მათი ინფორმაციით, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც არასოდეს ფიქსირდებოდა როგორც ფარული თანამშრომელი.
ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ პირი თუ აგენტია, მისი მონაცემები არ არის აუცილებელი იყოს ბაზაში.
რაც შეეხება მომღერლისა და ჟურნალისტის საქმეში ირაკლი მამალაძის აგენტობას ამ საკითხზე კომენტირებისას დეკანოზის ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამალაძე მოქმედებდა, როგორც დაშიფრული აგენტი და ბუნებრივია, რომ არც თემურ თათარაშვილმა და არც გიო გაბუნიამ მის შესახებ არ იცოდნენ.
"ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ მომღერალ თემურ თათარაშვილსა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას იმის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათ საქმეში ირაკლი მამალაძე აგენტი იყო. საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის ირაკლი მამალაძის აგენტობის შესახებ ცნობილი რომ ყოფილიყო, ის (ციანიდის საქმის მოწმე-ავტ) დეკანოზის საქმეში ვერ იქნებოდა, რადგან ის გაშიფრული აგენტი იქნებოდა, ისევე როგორც ეს მოხდა ბოლო, დეკანოზის საქმეზე.
როგორ ფიქრობთ, დეკანოზის საქმეში მარტო მამალაძე მონაწილეობდა?! - არა, უბრალოდ ირაკლი მამალაძე გაიშიფრა. დანარჩენი აგენტები კი ჯერ-ჯერობით ვერ გაიშიფრნენ, ისევე როგორც წინა საქმეებზე ვერ გაიშიფრა ირაკლი მამალაძე.
ფანცულაია აღნიშნავს, რომ აგენტის ყველა მოქმედება ერთი ხელწერით არ ხორციელდება.
"დეკანოზის საქმეში რომ უშუალოდ მივიდა, ჩაწერა და შესთავაზა რაღაც, სხვა საქმეში ამ ადამიანს სხვა ფორმით აქვს მონაწილეობა მიღებული. შეიძლება ის პირადად არ მისულა არც თათარაშვილთან და არც გაბუნიასთან, დახურული სასამართლო სხდომის გამო, მე დეტალებზე ვერ ვსაუბრობ, თუმცა ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ მამალაძე მათთან ერთი-ერთში შევიდა კონტაქტში და ჩაწერა.
აგენტურული მოქმედება უამრავ სახეს მოიცავს. თუ რა სახით მონაწილეობდა ის, ამ ორი ადამიანის საქმეში როგორც აგენტ-პროვოკატორი, ამ საკითხზე ირაკლი ფირცხალავამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა. დეტალურად მოყვა, რა მოქმედებები და ვისი დავალებით განახორციელა, იმ ოპერატიული მუშაკების სახელი და გვარებიც იყო ნახსენები, რომელებიც მონაწილეობდნენ საქმეში. ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული თანხა, რაც აიღო მამალაძემ. ასე, რომ უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე მოულოდნელი ის ფაქტი, რომ მსხვერპლებმა არ იციან მონაწილეობდა თუ არა მამალაძე მათ საქმეში"- აღნიშნა ფანცულაიამ.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის ოქროს მოწმეს აგენტობის დროს ზედმეტ სახელი "პრესაც" კი შეარქვეს. ფანცულაია ყოფილი პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნონობით ამბობს, რომ მამალაძე ერთ-ერთ ტელევიზიაში ჟურნალისტების ჩაწერას ახორციელებდა.
დეკანოზის უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში, მეოცე მუხლში პირდაპირ წერია აგენტი ბაზაში იყოს შეყვანილი.
ცნობისთვის, "ნიუპოსტი" გუშინვე ესაუბრა თემურ თათარაშვილს. მომღერალმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის მის საქმეში მონაწილეობის შესახებ.
რაც შეეხება ირაკლი მამალაძეს ამ უკანასკნელმა "ნიუპოსტს" უთხრა რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "გაბოროტებულია და პროკურატურასთან საკუთარი ანგარიშები აქვს". მეტიც, პროკურატურის მოწმე შოთაძის უწყებას "შემრიგებლური პოლიტიკის" გამო საყვედურობს.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.
თბილისის აეროპორტში მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებული. სასამართლოზე დეკანოზმა მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა.
მეტიც, მამალაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დაკავებისას მას ხან პატრიარქის მკვლელობის აღარებას, ხანაც სხვა სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას სთხოვდნენ.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა".
27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები






