ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დაკავებულები შესავალი სიტყვით წარდგნენ და წარდგენილ ბრალდებას აბსურდული უწოდეს. შესავალი სიტყვების შემდეგ სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს, დაიკითხა ბათუმის მოვლენებში მონაწილეობაში ბრალდებული მერაბ მურვანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძე აქციის მონაწილეებს პოლიციის შენობის შტურმით აღებისაკენ, ქვისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებისაკენ მოუწოდებდა, ასევე შეტევისგან მოწოდება მოისმინა ირაკლი ჩხვირკიასგანაც, რომელთან ერთადაც მისი თქმით, ის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მერაბ მურვანიძეს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებით გაფორმებას და მხოლოდ ერთწლიან პატიმრობას პირდება. ამ გარემოებას ღოღობერიძის და ჩხვირკიას დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ჩხვირკია-ღოღობერიძის მიმართ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნია და მხოლოდ ცრუ მოწმეების ჩვენებებით ხელმძღვანელობს.
ჩხვირკია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ერთ-ერთ არგუმენტად მოწმეების ჩვენებები მოჰყავს, რომლებიც მისი თქმით, იდენტურია.
მერაბ ღოღობერიძე კი მისი დაკავების ფაქტს უშუალოდ აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს კახა ბუხრაძეს უკავშირებს.
ჩხვირკიასა და ღოღობერიძეს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






