როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, ამ დროისთვის გამოძიებას უკვე აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი იმისთვის, რომ ჰქონდეთ დასაბუთებული ვარაუდი, რომ მერიის მაღალჩინოსანმა ოთარ აბესაძემ ნამდვილად აიღო ქრთამი 3000 დოლარის ოდენობით. მისი თქმით ოთარ აბესაძის საქმეში დევს ვიდეო- აუდიო მასალა სადაც ის მერიის სხვა თანამშრომლებსაც ახსენებს. თუმცა ვისი სახელით და თანამდებობით სარგებლობდა აბესაძე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. პროკურორი ამბობს, რომ ამავე საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.
„გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურეობრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას. აღნიშნულის სანაცვლოდ მან მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით 3000 ამერიკული დოლარი. მოცემულ საქმეზე არსებობს როგორც სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერ მოგახსენებთ, მაგრამ მერიის თანამშრომლების სახელებს იყენებს“- განაცხადა ირაკლი მარშანიამ. მისი თქმით ირაკლი აბესაძე დანიშნული იყო მერიის მიერ , იღებდა ხელფასს და შესაბამისად ის ასრულებდა საჯარო საქმეს.“- განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს ბრალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით , რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი აქვს წაყენებული როგორც საჯარო მოხელეს, თუმცა მას ეს სტატუსი 2017 წლის 1 ივლისს შეუჩერდა, გამოძიება კი დაწყებულია 8 ივლისს, მაშინ როდესაც ის აღარ იყო საჯარო მოხელე.
ოთარ აბესაძე სუს-მა 12 ივლისს დააკავა. დედაქალაქის მერიის თანამშრომელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამი ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






