პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კაჭარავას ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ჩაუდეს და მას პრეზიდენტის ოჯახთან ახლო ურთიერთობების გამო დევნიან.
“აბსოლუტურად იდენტური საქმე არის ორივე. 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი და ერთნაირად არ არის გამართული არც სამართლებრივად და არც არანაირად და იმედი გვაქვს, რომ იგივე განაჩენი გამოვა ახლაც, იმიტომ რომ ზუსტად იდენტური საქმეებია. ისევე როგორც თათარიშვილს, კაჭარავასაც ჩაუდეს იგივე რაოდენობა თითქმის,“ - განაცხადა ანა მარგველაშცვილმა.
დღევანდელ პროცესს ესწრება მიხეილ თათარიშვილი, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გუშინ გაათავისუფლეს.
„საავადმყოფოში მიდიოდა ადამიანი და როგორც გამოძიება იძახის, ედო ფეხსაცმელში 20 აბი "სუბოტექსი". ფეხსაცმელში 20 აბ "სუბოტექსს" ვერ ჩაიდებ. არის აბსურდული ეს ყველაფერი,“ - განაცხადა თათარიშვილმა.
საქმის პროკურორის თორნიკე მარსაგიშვილის განცხადებით მოპოვებული მტკიცებულებები არსებითი განხილვის სხდომის დანიშვნის შესაძლებლობას იძლევა.
„წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, ერთობლიობაში, რომელიც ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე დაინიშნოს არსებითი განხილვის სხდომა,“ - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






