მართალია, აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მათგან განსხვავებით გაუმართლათ რეპერ ბიჭებს - მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას. „ბირჟა მაფიას“ წევრები სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი სააპელაციო სასამართლოდან იტყობინება, პროკურატურამ, რომელიც ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მოულოდნელად პოზიცია შეცვალა და გირაოს დათანხმდა.
მივყვეთ მოვლენების ქრონოლოგიას:
„ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი 6 ივნისს დააკავეს, მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა 9 ივნისს შეუფარდა.
სასამართლო გადაწყვეტილებას სამოქალაქო სექტორის მრავალათასიანი აქცია მოჰყვა, თუმცა საპროტესტო ტალღას თავდაპირველად ხელისუფლება „მედგრად“ შეხვდა. მეტიც, ოცნების ხელისუფლების იდეოლოგმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელევამ თქვა, რომ რეპერების ქმედება (პოლიციელის გაშარჟება) სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო.
განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განაცხადა, რომ "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას."
შემდეგ ასპარეზზე მილიარდერის ვაჟი - ბერა ივანიშვილი დაკავებულთა სოლიდარობის სტატუსით გამოჩნდა: “თქვენთან ვარ ბიჭებო“ .
ვიდეომიმართვა გაავრცელა ვიცე-პრემიერმა, თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატმა კახი კალაძემაც და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტა.
როგორც აღმოჩნდა, ბერას მხარდამჭერი სტატუსი, მთელი სახელმწიფო უწყებებისთვის ერთგვარი ბრძანება აღმოჩნდა - მთავრობამ, პროკურატურამ, სამინისტროებმა, სასამართლომ რადიკალურად შეიცვალეს აზრი.
რა გვასწავლა ე.წ. რეპერების საქმემ?! - „ნიუპოსტი“ საკითხზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც მმართველობის კრიზისზე საუბრობს:"ის რაც დღეს მოხდა პარადოქსულია: ერთის მხრივ ბიჭების გათავისუფლება სასიამოვნოა, თუმცა ზოგადად ფაქტი კიდევ უფრო შემაშფოთებელი - სახეზეა შერჩევითი სამართლის ელემენტი. ამ საქმისგან არაფრით განსხვავდებოდა იგივე თათარაშვილის და სხვა... ლეგიტიმურია კითხვა: თუ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გირაოთი, ისინი რატომ ზიან ციხეში, როდესაც პრაქტიკულად ეს საქმეები ანალოგიურია და რაღაც ნაწილში იქ უფრო მძიმე სიტუაცია გვაქვს?!
ძალიან სამწუხაროა ის ჰიბრიდული მმართველობითი სისტემა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. ეს ძალიან სახიფათო და გრძელვადიანი პრობლემების წინაპირობაა. რეპერების საქმე არ არის ერთადერთი სადაც მთავარი პრობლემა, "ჩადებების" მანკიერი პრობლემაა. ჩვენ ბოლო პერიოდში ჩადების პრაქტიკის მთელი კასკადი მოვისმინეთ, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ძალიან დიდი პრობლემაა, რომელიც თვითონვე შექმნა. რეპერების გათავისუფლება, ერთგვარი აღიარებითი ჩვენება იყო მათი მხრიდან. მიუხედავად დღეს მიღებული გადაწყვეტილებისა, საზოგადოებას სწორედ ახლა სჭირდება კიდევ უფრო მობილიზება. თუ ნახევარი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საზოგადოება, მაშინ აღმოჩნდება და კიდევ ერთხელ გაესმება იმას ხაზი, რომ ჩვენი მოსახლეობა ბუნებით კომფორმისტია. თუ რაღაც ტიპის სამართლიანობით კმაყოფილდება, მაშინ ის პრობლემის სიმძიმეს კარგად ვერ აცნობიერებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ქეისი არ არის ერთადერთი, იგივე თათარიშვილის შემთხვევა და სხვა... თუმცა როგორც ჩანს პრეზიდენტის ქალიშვილის განცხადება, თავისი წონით ბევრად მსუბუქია, დღევანდელ ამ ჰიბრიდულ მმართველობაში. ესეც ამ მანკიერი მმართველობის ერთ-ერთი სიმპტომია.
ზოგადად, ჩვენ მმართველობის ღრმა კრიზისში ვართ შესულები, ეს სისტემა კოროზირებულია. რომელშიც მინი კრიზისების გენერაცია ხდება და ამის ფონზე კრიზისის მენეჯმენტი საერთოდ არ მიმდინარეობს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი ყოფილი მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო აუდიტორს შორის მომხდარ დაპირისპირებასაც სისტემურ პრობლემას უკავშირებს:
"სისტემური პრობლემისა და ჰიბრიდული მმართველობის შედეგია, როდესაც ინტერესთა ჯგუფები ხელისუფლებაზე დომინირებისთვის იბრძვიან. საქმე იმაშია, რომ თორდიას კი არ გაარტყეს, ხელი სახელმწიფოს მოხვდა. საკონსტიტუციო პროცესს რაც შეეხება, ის აბსოლუტურად ჩავარდნილი ხელისუფლება კი გარესამყაროს აბსოლუტურად მოწყვეტილი აღმოჩნდა"- აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტი ვიცე-პრემიერის ვიდეო-მიმართვასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით კახა კალაძის განცხადება პოლიტიკური თამაში იყო და არა რეალური გულისტკივილი.
"კალაძის განცხადებას, წინ სხვისი განცხადება უძღოდა, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გამოსვლით რამე ჩაიდო ჯიბეში კალაძემ. ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მასაც ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება"- განმარტა ექსპერტმა.
რაც შეეხება ერთგვარ შეთქმულების თეორიას, რომელიც შს მინისტრის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, ჩვენი რესპონდენტი ამ ვერსიას უშვებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში მღებრიშვილის "საზღვარგარეთ, სასწავლებლად გაშვება" არ გაუჭირდებათ.
"ერთი სატელეფონო ზარია საჭირო, რომ ის რომელიმე ქვეყანაში სასწავლებლად გაუშვან. მსგავსი პრაქტიკა საქართველოში დიდი ხანია დამკვიდრებულია. ამიტომ რთული კომბინაციების დაგეგმვა, იმისთვის, რომ მინისტრი ჩამოაშორონ პოსტს არამგონია რეალური იყოს. აქ მთლიან სურათზე უნდა ვისუბროთ, რომელიც შემაშფოთებელია. ფაქტობრივად სახელმწიფო სხეულზე ცოცხალი ადგილი არ დარჩა, სადაც პრობლემა არ წარმოიშვა და არცერთი პრობლემა ჩამქრალი არ არის და არავინ იცის, როდის, რომელი იფეთქებს, შესაბამისად, სახელმწიფო სტაბილურობას დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი"- უთხრა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






