აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატი ჟურნალისტის საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას დღეს განცხადებით მიმართავს.
დაცვის მხარე ითხოვს, დადგინდეს, ვისი ხელშეწყობით მოხერხდა ჟურნალისტის აზერბაიჯანში გადაყვანა. არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.
„ჩადენილია დანაშაული არაერთ მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, აფგანი უთითებს, რომ ის გაიტაცეს პოლიციის ფორმიანმა ადამიანებმა. ძალით ჩასვეს და მას ნეკნები აქვს დამტვრეული ამ ძალადობის შედეგად და მესამე, თვით საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი აკეთებს ამ საკითხზე განცხადებას და ამ გატაცების გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს მთავრობას, აუცილებელია, რომ ეს მთავარმა პროკურატურამ სრულყოფილად განახორციელოს,“ - განაცხადა არჩილჩოფიკაშვილმა.
დღესვე ადვოკატი და ჟურნალისტის მეუღლე პოლიციაში აპირებენ მისვლას, სადაც ოჯახისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
მათივე თქმით, უკვე მზადდება სარჩელი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
“ადვოკატის დახმარებით საჩივარს მთავარ პროკურატურაში შევიტან. ასევე პოლიციაში ვაპირებთ მისვლას, სადაც ჩვენი უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით დაგვიბარეს. მოქალაქეობის მიღებაზე უარი ვთქვი, რადგან ვერ ვიქნები იმ ქვეყნის მოქალაქე, საიდანაც ჩემი მუღლე გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემის უსაფრთხოებისთვის შემომთავაზეს პირადი მცველის აყვანა, ასევე ჩემს საცხოვრებელ სახლთან ვიდეოკამერების დამონტაჟება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვიმედოვნებ, ეს გამოძიება ღიად და სამართლიანად ჩატარდება,” - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტს ამჟამად ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები






