„არის ჟამი ტირილისა და ჟამი გულქვაობისა, არის ჟამი მორჩილებისა და ჟამი – წინამძღვრობისა, არის ჟამი მარხვისა და ჟამი – ჭამისა, არის ჟამი ხორცთა მტერთან ბრძოლისა და არის ჟამი ხორციელი მხურვალების მოკვდინებისა“
ე.წ. ციანიდის საქმე, მთავარი პროკურატურის განცხადება მაღალი იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობის შესახებ, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე და განვითარებული მოვლენები. საკითხი, რომელიც უკანასკნელი თვეების მანძილზე დიდი აქტუალობით სარგებლობს და საზოგადოებაში მრავალ უპასუხო კითხვას ტოვებს.
საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები, პატრიარქის პირადი დაცვის წევრების გათავისუფლება და ბრალდებები მიტროპოლიტ მეუფე პეტრე ცაავას მიმართ. გასულ კვირას საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას მეუფე პეტრეს მისამართით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ქარჩავა აცხადებს, მეუფე პეტრეს სამიზნე საქართველოს პატრიარქია, განცხადებების გაკეთებისას კი იურისტმა არაერთხელ გამოიყენა სიტყვა „მოკვდინება“, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს.
„მეუფე პეტრე სულიერ, იდეურ თანადგომას უწევდა იმ ჯგუფს, ვისაც რეალურად პატრიარქის განეიტრალება, მისი შესაძლო მოკვდინება უნდოდა. ამ ჯგუფში შედიან სხვა პიროვნებები. მათი მთავარი მიზანი იყო საპატრიარქოს ტახტის გაუქმება და სინოდალური მმართველობის შემოღება“, - განაცხადა გასულ კვირას ქარჩავამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
გუშინ, გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში კი ქარჩავამ აღნიშნა, რომ იგი პატრიარქის სულიერ მოკვდინებას გულისხმობდა საკუთარ განცხადებებში:
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ მეუფე პეტრე, მიუხედავად წმინდა სინოდის გაფრთხილებისა, რომ თავი შეეკავებინა განცხადებებისგან, ეკლესიის ფარგლებს გარეთ გასვლისაგან, მიუხედავად ამისა, დღესაც მეუფე პეტრე განაგრძობს იმ მოქმედებას, რაც მიმართულია პატრიარქისა და საკათალიკოსო ტახტის დაქვრივების წინააღმდეგ, მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება და ბრალდებების ტირაჟირება, ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება, თუ ვაჟკაცობა ყოფნის, თუ ამბობს, რომ სჯობს სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის ვცხონდეო, მაშინ თქვას სულიერ მამას რატომ უპირისპირდება, აქ არის სულიერ მკვლელობაზე საუბარი. მან თამაშგარეთ დამაყენა, ბინძური თამაშების გამო მაიძულა როგორც ადვოკატს მესაუბრა. იძულებული გამხადა და ამიტომ ჩემს თავზე ავიღე ის, რომ მე ამ შემთხვევაში თავს ვიცავ და ეს ბრალდებები წამოვაყენე როგორც რიგითმა ფიზიკურმა პირმა" - განაცხადა ქარჩავამ.
ქარჩავას თქმით მან მსგავსი განცხადებების გაკეთებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო და პატრიარქისგან თუ სასულიერო პირებისგან არავითარი კურთხევა არ მიუღია, საპატრიარქო კი მისი გადაწყვეტილების შესახებ, ისაუბროს მეუფე პეტრე ცაავას შესახებ და გააჟღეროს ბრალდებები, საქმის კურსში არ არის.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას თეოლოგი ვლადიმერ ნარსია აღნიშნავს, რომ ქარჩავას მიერ ტერმინი „მოკვდინება“ აბსოლუტურად გაუგებარ კონტექსტშია გამოყენებული. საპატრიარქოს იურისტის მიერ მოყვანილი განმარტება და მისი აზრები კი მრავალ შეცდომებს შეიცავს:
„ტერმინი „მოკვდინება“ აბსოლუტურად გაუგებარ კონტექსტშია გამოყენებული, დიახ, არის საინტერესო ტერმინი, მაგრამ მისი მნიშვნელობა უკავშირდება რაღაც ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების თუ ადამიანის ქრისტიანულ მიზნებთან დაახლოების პროცესთან, რომ მან უნდა მოაკვდინოს ვნებები, მოაკვდინოს მანკიერებები, ამ კონტექსტში არის ეს ტერმინი გამოყენებული ქრისტიანულ ლიტერატურაში, მაგრამ მას არანაირი გააზრება არ შეიძლება მიეცეს იმ კონტექსტებში, რომელშიც გამოიყენა ქარჩავამ. მიჩნდებოდა ისეთი აზრი, რომ ვერ ხვდებოდა ეს ადამიანი რას ამბობდა, მაგრამ ეს ტერმინი თავდაპირველად გამოიყენა აბსოლუტურად სხვა კონტექსტში, შემდეგ იგი დაიბარეს, მას მიუთითეს, რომ შესაძლებელი იყო ასეთი ბრალდება მისსავე პასუხისმგებლობასთან ყოფილიყო დაკავშირებული და მან შეცვალა, მოგვიანებით კი მოვისმინეთ ერთგვარი ბოდვა, აბსოლუტურად დაუკავშირებელი აზრები, თითქოს დასრულებული აზრი ერთ წინადადებაშიც არ წარმოუთქვამს, არ აქვს მნიშვნელობა მის საუბარს სამართლის პოზიციიდან შევაფასებთ თუ თეოლოგიური მეცნიერების კუთხით. ყველა წინადადება, რომელიც წარმოთქვა ქარჩავამ, შეცდომებს შეიცავდა. საბჭოთა პერიოდშიც არ უკადრებიათ ასეთი რამ, რა სისულელეებიც მან თქვა, რა უნდოდა პეტრე ცაავას კარგად ჰქონდა ყველაფერი აწყობილიო, საბჭოთა მენტალობასაც კი არ ჰქონია ასეთი დამოკიდებულება, ყველაფერი ცხადია მისი ნათქვამიდან თუ ვინ რეპრეზენტირებს ეკლესიას. ქარჩავა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ გასწირა შორენა თეთრუაშვილმა, ასეთი დავალება აქვს თეთრუაშვილს ქარჩავასთვის მიცემული, თუნდაც უკიდურესი შეცდომებით, თავიც რომ გაიწიროს, უნდა ილაპარაკოს, რათა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვიოს ამ თემებმა“, - აღნიშნავს თეოლოგი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
ვლადიმერ ნარსია საკითხის კომენტირებისას განმარტავს პროცედურას, რომელიც უნდა წარიმართოს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს, არ აქვს მნიშვნელობა საეროს თუ სასულიეროს, გააჩნია რაიმე სახის ბრალდება ან ინფორმაცია ეპისკოპოსზე. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში, ქარჩავას განცხადებებისა და ქმედებების ფონზე, ეს პროცედურა აბსოლუტრად დარღვეულია:
„უბრალო ეთიკის საკითხია, მიუხედავად იმისა ადამიანი სასულიერო პირია თუ საერო პირია, იკადრო ასეთი რამ, უნდა იმართლოს ახლა მისი განცხადებების ობიექტმა თავი. სიტყვა „მოკვდინება“ აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან, უშინაარსო და დანაშაულებრივი. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა იყოს მეტად გამოფხიზლებული ასეთი საკითხების მიმართ და ქარჩავას უნდა მოეთხოვოს ამაზე პასუხი. ეკლესიას კი ამის უპირველესი ვალდებულება აქვს. როდესაც საუბარი არის ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტზე, მასზე ბრალდებას და მის მიმართ გარკვეული ტიპის ინფორმაციის გავრცელებას გააჩნია თავისი კანონიკური სამართლებრივი პროცედურა. ეს პროცედურა გულისხმობს იმას, რომ ბრალმდებელი ან ინფორმაციის მქონე ნებისმიერი პირი პირველად წარადგენს მის განცხადებას სინოდზე, სინოდის ფორმით ეს განცხადება განიხილება, შემდეგ დაიბარებს სინოდი ბრალდებულს და მასთან ერთად გაარკვევს. შეიძლება მოვითხოვოთ საჯაროდ გახმოვანდეს, მაგრამ ამ საჯარო გახმოვანებას ახლავს ოფიციალური ინსტიტუცია და ეს არის წმინდა სინოდი. ამ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი აბსოლუტურად დარღვეულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შორენა თეთრუაშვილის მითითებით მოქმედებს ედიშერ ქარჩავა, მაგრამ როდესაც ასეთი მაღალი მგრძნობელობის საკითხზეა საუბარი, ეკლესიამ უნდა უარყოს არსებული მოსაზრება და დაადასტუროს, რომ საპატრიარქოს არ მართავს შორენა თეთრუაშვილი და მართავენ ეპისკოპოსები, რომლებსაც ათასგზის გადააბიჯა ქარჩავამ ამ განცხადებებით. უნდა იქნეს გარკვეული სადამსჯელო სანქცია გამოხატული ეკლესიის მხრიდან, სულ მცირე გათავისუფლდეს ქარჩავა თანამდებობიდან, ან საპატრიარქომ თქვას, რომ არსებობს გარკვეული ტიპის ეკლესიური სანქციები. იმედია ამგვარი რეაქცია ექნება ეკლესიას“, - განმარტავს ვლადიმერ ნარსია.
თეოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას, მისი თქმით ილია მეორე იღებს ინფორმაციას იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროდ თვლის მისი მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი:
„პატრიარქი რა ინფორმაციას მიიღებს ეს მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზეა დამოკიდებული. შორენა რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას აწვდის. მითხრეს კიდეც, რომ პატრიარქს არ აყურებინებენ ყველა არხს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოვლენების სრულ სურათს ვერ აღიქვამს, თორემ, შეუძლებელია სწორი დასკვნა არ გააკეთოს პატრიარქმა. ქარჩავა, როგორც ინსტიტუციის სახე არ შეიძლება იყოს, ეს სირცხვილია“, - აღნიშნავს ნარსია.
გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა მედიასთან ურთიერთობა ე.წ. „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით და რატომ აკეთებს სხვადასხვა განცხადებებს. მისი თქმით, საზოგადოებაში დაინახა მოსაზრება, რომ სწორედ მასზე მიჰქონდათ ეჭვი პატრიარქის წინააღმდეგ წასვლასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ ნარსიას თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სწორად მოიქცა, როდესაც საჯაროდ საუბრის გადაწყვეტილება მიიღო, თეოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების შესახებ გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო საუბრები.
ნარსია საუბრობს წმინდა სინოდის განჩინებაზეც და იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრე ცაავას ჩამოერთვა საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობა:
„როგორც გაიჟღერებს ხოლმე ქარჩავას მსგავსი ოდიოზური ადამიანების პირით, რომ ეკლესია დახურული ორგანიზაციაა, სიტყვა დემოკრატია არ ერგება ხოლმე ეკლესიას, მაგრამ იგი შეიძლება შეიცვალოს სხვა სიტყვით, რომელიც ტრანსპარანტულობას, გამჭვირვალობას და ღიაობას გულისხმობს, ეკლესია სწორედ ასეთი ინსტიტუციაა, მისი დაფუძნების პირველივე ფორმები მიუთითებს სრულ გამჭირვალებაზე, არაფერი ეკლესიას რომელიც მიმდინარეობს ქრისტეს მისტიურ სხეულში საიდუმლოებითი არ გააჩნია, გარდა ერთისა, ის რაც ლიტურგიაზე ხდება, ეს სულ სხვა სფეროა. სხვა დანარჩენი, ინფორმაციული მოვლენები და ასე შემდეგ, ნებისმიერი იერარქიის ცხოვრება იქნება ეს, მით უფრო ასეთი ასპექტები, რომლებიც მორალურ-ეთიკურ შეფასებას მოითხოვს საზოგადოებისაგან, დაფარული არ არის. რა თქმა უნდა პეტრე ცაავა იქცევა სწორად, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, იმ ეკლესიის, იმ ინსტიტუციის წევრი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეკლესიას პასუხისმგებლობა გააჩნია საზოგადოების მიმართ, რომლის 80 პროცენტზე მეტიც თავს მიაკუთვნებს ამ ორგანიზაციას. მის წინაშე კი დადგა ვალდებულება, რომ ეთქვა ეს ყველაფერი. აქამდეც უნდა თქმულიყო, ყოველგვარი ღიაობით ეს პროცესები უნდა დაწყებულიყო ცოტა უფრო ადრე. ამიტომ, არ არსებობს არავითარი კანონიკურ-სამართლებრივი მიზეზი, რომლითაც მიტროპოლიტს დასჯიან. შეუძლებელია ეს მიზეზი იყოს წარმოდგენილი სასჯელის საფუძვლად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვეს, სრულიად ურთიერთდაუკავშირებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავარს ვერ უთხრეს ის თუ რა შეცდომას ჩადიოდა. თუ მღვდელმთავარი ჩადის შეცდომას, ამაზე უნდა მიუთითონ, დგება სპეციალური სანქცია, მათი გამოგონებული წესები ხომ არ არის? მაგრამ ეკლესია რაღაც ისეთი ინერციით მოძრაობს, საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, რომ მისთვის უცხოა ღიაობა და დღეს ისევ ხმარობს ყველა ღონეს, რომ პეტრე ცაავას ან ნებისმიერი ასეთი პირის მსგავსი ქმედებები არ გახშირდეს. სინოდის გადაწყვეტილებით რა თქმა უნდა მიტროპოლიტის მღვდელმთავრულ პატივს და წოდებას არაფერი დაკლებია, მაგრამ უკანონო იყო თავად საფუძველი, რასაც ამ საკითხზე ჩვენ ვკითხულობთ სინოდის განჩინებაში“, - განმარტავს ვლადიმერ ნარსია.
„მაშ, ჩვენ ყველა საშუალებით გავურბივართ ჩვენსავ ცხონებას; ევნო ჩვენთვის მაცხოვარი ჯვარზე, ჩვენ კი არც გვსურს ამ ვნებებზე რაიმე ვიცოდეთ; ჩვენი ხსნისათვის მცნებად მოგვცა, თითოეულმა ავიღოთ საკუთარი ჯვარი და თანაწარვყვეთ მას ზეციური დიდებისაკენ, ჩვენ კი ამის გაგონებაც არ გვსურს; მიგვითითა, როგორც წამალზე, თვისთა ხორცთა მოკვდინებაზე ვნებებითა და გულისთქმებითურთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ, ვნებები დავიკმაყოფილოთ, გულისთქმანი ავისრულოთ. და რა?“
მასალის გამოყენების პირობები






