საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავას სერიოზულ ბრალდებას უყენებს.
როგორც „ნიუპოსტს“ იურისტმა განუცხადა, მეუფე პატრიარქის მოშორებაში აქტიურად არის ჩართული.
მეტიც, საპატრიარქოს იურისტის თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი აქამდეც აქტიურად იყო ჩართული ილია მეორეს მოკვლის მცდელობაში.
„მოვუწოდებ მეუფე პეტრეს, თუ მას ვაჟკაცობა ყოფნის, გამოვიდეს და თქვას, უნდოდა თუ არა მას რეალურად პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება ყველა შესაძლო ხერხით. თუ არ გამოვა და არ იტყვის, შემდგომში კონკრეტულ სახელებს დავასახელებ“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ედიშერ ქარჩავამ.
მისი თქმით, ხელთ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მსგავს სკანდალურ ინფორმაციას არ გააჟღერებდა.
„მე როდესაც გამოვდივარ, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე არ ვსაუბრობ. ასე იყო 50 000 ევროსთან დაკავშირებითაც, საბოლოოდ როგორც იცით ხელშეკრულების არსებობა დადასტურდა კიდეც. შესაბამისად, როცა ვსაუბრობ დასაბუთებული არგუმენტი გამაჩნია.
ასე შეგიძლიათ ჩაწეროთ: მეუფე პერტემ სულიერ, იდეურ თანადგომას უწევდა იმ ჯგუფს, ვისაც რეალურად პატრიარქის განეიტრალება, მისი შესაძლო მოკვდინება უნდოდა“- აღნიშნა ქარჩავამ.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, შედიოდა თუ არა „ამ ჯგუფში“ საპატრიარქოს იურისტმა თქვა: „დიახ, ერთ-ერთი მამა გიორგი მამალაძეა. ამ ჯგუფში შედიან სხვა პიროვნებები. მათი მთავარი მიზანი იყო საპატრიარქოს ტახტის გაუქმება და სინოდალური მმართველობის შემოღება“.
როგორც ედიშერ ქარჩავამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მეუფე პეტრეს შესახებ სკანდალური ინფორმაციის შესახებ პროკურატურაში არ დაკითხულა.
„პროკურატურა აქ არაფერ შუაშია. აქ საუბარია ჩემ დასაბუთებულ ვარაუდზე, რომ მას პატრიაქრის ტახტიდან ჩამოშორება უნდოდა“- დასძინა იურისტმა.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დააკავეს და პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”
მასალის გამოყენების პირობები






