"შელაპარაკება მისალმების ფორმის გამო მოხდა"- შსს თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 14:34, 22 May, 2017     2801

გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.

2017 წლის 13 მაისს, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად ლაშა თორდიას ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მისთვის უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება: გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები, ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ „ელ ცენტროს“ ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი - მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან.

საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს: 13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად „ელ-ცენტროში“ იმყოფებოდა. დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც „ელ ცენტროს“ ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით - „აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო“ და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ „ელ-ცენტროს“ დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა.

საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა „ელ-ცენტროს“ ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. მოწმეთა ჩვენებით, დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.

საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა.

გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ „ელ ცენტროს“ ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს „ელ ცენტროს“ ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება.

ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. გამოძიების ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათი შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყებამ აღნიშნული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42