ამის შესახებ ინფორმაცია "ნიუპოსტს" შოთაძის უწყებაში დაუდასტურეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი ტრაილერს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ყოფილი პოლიციელი ზვიად კუპრავა ირწმუნება, რომ ხახუბია პოლიციელთა მოთხოვნას მანქანის გაჩერების თაობაზე არ დაემორჩილა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გზა დიდი სიჩქარით გააგრძელა. ეკიპაჟი მას დაედევნა. ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, წინაღობის მეშვეობით შეეჩერებინათ კანონდამრღვევი და გორის გვირაბის გასასვლელი ტრაილერით ჩახერგეს. ყოფილი სამართალდამცავის განცხადებით, ახალგაზრდა სწორედ ტრაილერს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კუპრავას ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ოფიოციალურ განცხადებებს არ აკეთებენ, რადგან საქმეზე გამოძიება სხვა უწყებამ დაიწყო.
21 წლის ახალგაზრდას ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






